15 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
308 მომხრე და 218 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

308 მომხრე 218 წინააღმდეგი ამ შედეგით დასრულდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის კენჭისყრა. ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული ერთობლივი დოკუმენტი მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევებს ეხება. ვიდრე ევროპარლამენტარები რეზოლუციას მხარს დაუჭერდნენ, მასში შესწორება შევიდა. "ევროპის სახალხო პარტიის", "განაახლე ევროპის" და "ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების" ინიციატივით დოკუმენტს დაემატა ტექსტი ყოფილ პრემიერთან დაკავშირებით, სადაც წერია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპის საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი.

რეზოლუციის კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები. ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ. ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კი საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას გზაზე წინააღმდეგობრივი უწოდეს. რეზოლუციის ტექსტში გვარამიასთან ერთად დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეც მოხვდა.

ევროპარლამენტში დებატების დროს ერთ-ერთი მთავარი თემა 2021 წლის 5 ივლისის მოვლენები იყო. რეზოლუციის ტექსტში მოხვდა ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საკითხიც. ევროდეპუტატები მიიჩნევენ, რომ ბოლო 2 წელიწადში ქართული მედიის თავისუფლების ინდექსი გაუარესდა.

ევროპარლამენტარების ნაწილი სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო. რეზოლუციაში კი ჩაიწერა, რომ დეპუტატები მოუწოდებენ ხელისუფლებას მსჯავრდებული პრეზიდენტი გაათავისუფლონ ციხიდან ჰუმანიტარული მიზნით და მიეცეს მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.

კრიტიკის ფონზე ევროპარლამენტში არაერთი განცხადება გაკეთდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის აუცილებლობაზე. ევროპელმა დეპუტატებმა თქვეს, რომ ქართველი ხალხი ევროპული ოჯახის წევრობას იმსახურებს და ვისაც ეს არ სურს მხოლოდ რუსეთია.

ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით ივნისის მეორე ნახევარში სავარაუდოდ კიდევ ერთ რეზოლუციას მოამზადებს. დეპუტატები დოკუმენტზე მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც ევრო კომისია ასოცირებული ტრიოს შესახებ შეფასებას მოამზადებს.

დღის ამბები