პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ მთავრობისგან სამ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში ვიზიტის უფლებაზე უარი მიიღო.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო პერიოდში ვიზიტებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული იყო.
"მე მინდა, ყველას შევახსენო შემდეგი: ჩვენი სახელმწიფო პირველ რიგში არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა იმართება კანონით და კონსტიტუციით. მე მინდა შევახსენო ყველას და მათ შორის ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ყველამ და პირველ რიგში ჩვენ, უმაღლესი თანამდებობის პირებმა, უნდა დავიცვათ და მაგალითი მივცეთ კანონის ზედმიწევნით დაცვის, კონსტიტუციის დაცვის ჩვენს მოქალაქეებს.
ქალბატონი პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ვოიაჟს რაც შეეხება, ჩვენს მოქალაქეებს მინდა ერთი რამ განვუმარტო, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ყველა ოფიციალური მიმართვა, რაც მივიღე პრეზიდენტისგან, ყველას ხელი მოვაწერე. ქალბატონი პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო და ეს განცხადება ბრიუსელიდან გააკეთა.
კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს და არსად უშვებს, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა? რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ვიზიტს, დღეის მდგომარეობით არავითარი სხვა მომართვა სხვა ქვეყნებში ვიზიტზე მე არ მომსვლია. მე, რა თქმა უნდა, ვხელმძღვანელობ კანონის მიხედვით.
მე გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ ასე იყო ანუ მე ვიტყუები? არ შემოსულა მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის მოთხოვნა, რაც შემოვიდა ყველაფერი დავუკმაყოფილეთ. მაშინ მანახეთ მტკიცებულება.
სამწუხაროა, რომ საერთოდ პირდაპირ იმეორებს ქალბატონი სალომე ოპოზიციის დესტრუქციულ განცხადებებს და მათ ნარატივებს იზიარებს. მე იმედი მაქვს, რომ მთავრობის მუშაობის პროცესში უკეთ გაერკვევა,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.