15 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
გიორგი ცაგარეიშვილი - ელენე ხოშტარია ჯამაგირს იღებს რუსეთის ფედერაციიდან რუბლებში - ეს არის კატასტროფა, არ უმძიმებს ჯიბეს ეს რუსული რუბლები?

"ქართული ოცნება" ელენე ხოშტარიას ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის ინფორმაციით, მაშინ, როდესაც ოპოზიციის ლიდერი ხელისუფლების სანქცირებას ითხოვს, მას თავად ერიცხება თანხები რუსეთიდან.

"ვინმემ შეიძლება დაიჯეროს, რომ რუსეთიდან ასეთი დიდი ოდენობის თანხები დღეს ერიცხებოდეს ადამიანს საქართველოში, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწეოდეს და ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ კულტურულ აქტივობებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებული. წლების მანძილზე, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ელენე ხოშტარია არის დაკავშირებული რუსეთის შესაბამის წრეებთან. ამის თაობაზე მისი მხრიდან, ყოველთვის იყო მცდელობა, რომ ეს რაღაცნაირად თავიდან აეცილებინა და ამბობდა, რომ თითქოს ჩვენ ცილს ვწამებდით. ეს ადამიანი არის რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტი და ვიცით, სად მიიღო მან განათლება და ამ განათლების მიღების კონტექსტში იქ როგორ ხვდებოდნენ ადამიანები. კიდევ მმართველი გუნდისკენ იშვერს აქეთ ხელს. ეს არანაირ ეთიკურ ნორმებში არ ჯდება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი  კი ელენე ხოშტარიას ორპირობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის ჯამაგირს იღებს რუსეთის ფედერაციიდან რუბლებში:

"ორგულობისა და ორპირობის საუკეთესო ნიმუშთან გვაქვს ახლა შეხება. როდესაც ქალბატონი ხოშტარია გამოდის, გულზე მჯიღს იცემს და ამბობს, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა, მას ჯიბეში უდებს გადაკეცილი რუბლები საფულეში. არ უმძიმებს ჯიბეს ეს რუსული რუბლები? ფაქტი ის არის, რომ პოლიტიკოსი, რომელიც სხვას ამუნათებს, რუსეთუმეობას და პროპუტინისტობას აბრალებს, ჯამაგირს იღებს რუსეთის ფედერაციიდან რუბლებში - ეს არის კატასტროფა. 25 წელია მე ეს ხელფასი მერიცხებაო. აი 2008 წლის აგვისტოს თვის გადმორიცხვები გამოაქვეყნოს ქალბატონმა ხოშტარიამ. მაგ დროს თუ აქვს მიღებული ჯილდო ჰონორარის სახით. სასცენო ხელოვნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის,"-აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.

საუბარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე რომ "დროას" დამფუძნებელ ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება და გადმორიცხვები არ შეჩერებულა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგაც.

დღის ამბები