"უნდა დავეხმაროთ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთთან მიმართებით მოწყვლადები არიან, საქართველო კი ერთ-ერთი ასეთია" - განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა გააკეთა. იენს სტოლტენბერგმა შტატების თავდაცვის მდივანთან ერთად ორდღიანი სამიტი შეაჯამა.
დღესაც განხილვის მთავარი თემა უკრაინა და მისი შეიარაღება იყო. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იყო მადრიდის სამიტი, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება - აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში ცოტა ხნის წინ NATO-ს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა იმედი, რომ ღია კარის პოლიტიკაზე ლიდერების პოზიცია უცვლელი დარჩება.
"რუსეთის ომი უკრაინაში ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ NATO-ს სტრატეგია გრძელვადიან პერსპექტივაში. მადრიდის სამიტზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, მათ შორის იმაზე თუ როგორ გავხადოთ NATO უფრო ძლიერი ასეთ საშიშ და კონკურენტუნარიან სამყაროში. მადრიდის სამიტი ტრანსფორმირებადი იქნება, დახმარება უკრაინისთვის და სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რისკის წინაშე არიან.
NATO-ს პარტნიორები უკრაინას უპრეცენდენტო მხარდაჭერას უცხადებენ. გუშინ 40-ზე მეტ მინისტრთან და წარმომადგენელთან გავმართეთ უკრაინის მხარდამჭერი საკონტაქტო შეხვედრა, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირის წარმომადგენლები. ჩვენ დავეთანხმეთ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი.
მე შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ის ასევე მონაწილეობდა ე.წ. რამშტეინის გუშინდელ შეხვედრაზე. ჩვენ ყველამ ხაზი გავუსვით პარტნიორებისთვის მხარდაჭერის გაძლიერებაზე, როგორც პოლიტიკურად, ისე პრაქტიკული კუთხით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთთან მიმართებით მოწყვლადები არიან, საქართველო კი ერთ-ერთი ასეთია. 2008 წელს საქართველო მნიშვნელოვნად დაზარალდა რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად. ახლა კი ჩვენ ვმუშაობთ თუ როგორ უზრუნველვყოთ ქვეყნისთვის მეტი დახმარება და როგორ გავაძლიეროთ მეტად პარტნიორობა.
საბოლოო გადაწყვეტილება, ცხადია სამიტზე იქნება მიღებული, მაგრამ ველოდები, რომ ლიდერების პოზიცია ღია კარის პოლიტიკაზე ურყევი იქნება და გაიმეორებენ იმას, რაც ბუქარესტის სამიტზე ითქვა," - აცხადებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე კი ამბობს, რომ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, რეგიონში არსებულის გამოწვევების შესახებ საქართველოს დელეგაციის ხედვა გაიზიარა.
"გენერალურმა მდივანმა ჩვენი ხედვა გაიზიარა რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ. ჩვენ დავგეგმეთ ის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვექნება NATO-სთან, გავაკეთებთ განახლებებს ინფორმაციის. ჩვენი სადაზვერვო სამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენს პარტნიორებთან და ყველა იაზრებს, რომ საქართველო არის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი," - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ის, რომ საქართველომ მიიღო მონაწილეობა რამშტეინის ფორმატში, პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
"გვქონდა საშუალება მონაწილეობა მიგვეღო რამშტეინის ფორმატში, სადაც უკრაინისთვის სამხედრო სახის დახმარებაზეა საუბარი და ფორმატია ე.წ. საკონტაქტო ჯგუფის. ეს არის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს მონაწილეობის თაობაზე, რომელიც ხაზს უსვამს ალიანსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და თვითონ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მნიშვნელობას NATO-სთვის," - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.