02 სექტემბერი 2026,   16:24
ვრცლად
ეს არის "ფეიკ ნიუსის" კლასიკური მაგალითი - შსს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ერთ - ერთი ტელეკომპანიის  მიერ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ადგილი აქვს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, თითქოს შსს - დან პოლიციის თანამშრომლები "გარბიან" . 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის კლასიკური "ფეიკ - ნიუსის" მაგალითი. 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში დღეს გასულ ცრუ ინფორმაციებს, თითქოს შსს-დან პოლიციელები მასობრივად "გარბიან."

ტელეკომპანიამ, ვითომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, საზოგადოებას მიაწოდა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "ქვემო ქართლის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ერთდროულად 38-მა თანამშრომელმა დატოვა" - წარმოადგენს "ფეიკ ნიუსის" კლასიკურ მაგალითს.

აღნიშნული მედიასაშუალების მაყურებელთა მიმართ პასუხისმგებლობის გამო და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობის საპასუხოდ, არაერთხელ განგვიმარტავს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40 000 - მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, თანამშრომელთა გადინება და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ასევე, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია ახალი კადრების მიღების მიზნით სამინისტროს ვებგვერდზე გამოცხადებული ვაკანსიები, შესაბამისი კონკურსების ღია და გამჭვირვალედ წარმართვა.

აშკარაა, რომ ტელეკომპანიის მიერ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება ემსახურება ქვეყანაში ნიჰილიზმის გაღვივებას, მაყურებელში პოლიციის საქმიანობის მიმართ მიზანმიმართულად ნეგატიური განწყობების შექმნას, შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას, უწყების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობისა და უპატივცემულობის დამკვიდრებას,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები