პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ სახელისუფლებო გუნდი ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით, ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობს. ნაწილი კი "დროას" ლიდერს მოუწოდებს ინფორმაცია გაასაჯაროვოს.
"თავდასხმებს და გაშავების მცდელობებს ჩვენ ბევრს ვნახავთ, შეიძლება ჩემთან დაკავშირებით ისიც თქვან, მაგალითად, რომ მე მარსზე ვაპირებ საქართველოს გადასახლებას, ან იუპიტერიდან ვიღაცამ, რაღაც ჩამირიცხა, ბევრი რამ შეიძლება მოვისმინოთ ქართული ოცნების მხრიდან, უბრალოდ ჩვენ ამას არ უნდა ავყვეთ", -აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რაც უფრო მეტად მალავ რაღაცას, მასზე უფრო მეტი კითხვები ჩნდება.
"რაც უფრო რამეს არ ასაჯაროვებ, უფრო მეტი კითხვები ჩნდება, ძალიან მარტივია. კითხვები არის იქ, სადაც რაღაც არის დახურული და დამალული.
რა თქმა უნდა, ელენე ხოშტარიას ადგილზე ყველაფერს მკაფიოს და ნათელს გავხდიდი, რომ რამე მითქმა - მოთქმა ამასთან დაკავშირებით არ იყოს. არავის ჭკუას არ ვარიგებ, მაგრამ რუსულ ფულს, როგორი წარმომავლობისაც არ უნდა იყოს, მე ხელს საერთოდ ვერ მოვკიდებ", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ამბობს, რომ გამჭირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, ხოშტარია პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, ასეთი სიტუაცია უცნაურია და მისი ახსნაც არ იყო დამაჯერებელი.
"გამჭირვალობა ბუნებრივია საჭიროა, თუ ხოშტარიას უნდა რომ ეს პრობლემა მოიხსნას, მაგრამ მე ხო არავის ვაიძულებ. არ მგონია, რომ რაღაც ტიპის ტრანზაქციები უნდა დამალოს და ბოლომდე არ მოყვეს ისტორია" , - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.