საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი 20 ივნისს, პარლამენტის წინ გამართული აქციის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირს თავისი მოლოდინი აქვს და სურს, დაინახოს მობილიზება და მიზანმიმართულობა, რომელიც, მისი თქმით გუშინ ნათლად გამოჩნდა.
"გუშინდელი აქცია მშვიდობიანი და კანონიერი იყო. ეს აქცია ძალიან საინტერესო იყო, რადგან წარმოაჩინა დიდი მობილიზება და გამბედაობა. ჩემი აზრით, იმის გათვალისწინებით, რაც საქართველოს შესთავაზეს, არსებობს იმედისა და ოპტიმიზმის საფუძვლები - მოხდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯია. არსებობს რეფორმების მკაფიო რუკა, თუ როგორ უნდა მოხდეს წინსვლა. ვფიქრობ, ეს დადებითი შედეგია. ევროკავშირს თავისი მოლოდინი აქვს და სურს, დაინახოს მობილიზება და მიზანმიმართულობა, რომელიც გუშინ დავინახეთ," - განაცხადა კოლასმა.