15 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
2-საათიანი დებატები პარლამენტში ევროკომისიის შეფასებებზე - რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკოსებს სამიტამდე 2 დღით ადრე

ევროკომისიის შეფასებები და ვის როგორ წარმოუდგენია საქართველოს პარლამენტში ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულება - ქართველმა კანონმდებლებმა ამ საკითხზე დებატებს 2 საათზე მეტი დრო დაუთმეს. პარლამენტის ტრიბუნიდან დღეს, ყველაზე ხშირად, ხელისუფლების კრიტიკა ისმოდა. ევროპული პერსპექტივის მიღების გამო ოპოზიცია მმართველი გუნდის პასუხისმგებლობას აყენებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" უნდა აიძულონ, წლის ბოლომდე ევროპის დავალებები შეასრულოს.

ოპონენტების კრიტიკა კატეგორიულად მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. "ქართული ოცნება" ოპოზიციას ბრიუსელის პირველ რეკომენდაციასაც ახსენებს - დეპოლარიზაცია. მმართველი გუნდი ოპოზიციის საჭიროებას, რეკომენდაციების შესრულების ნაწილში, მხოლოდ ამ ერთ პუნქტში ხედავს. რაც შეეხება ევროკომისიის დოკუმენტში გაკეთებულ კიდევ ერთ ჩანაწერს, რომელიც დეოლიგარქიზაციას შეეხება, ამ შემთხვევაშიც "ოცნება" ხელს ოპონენტებისკენ იშვერს.

განცხადებების დღე პარლამენტში დღეს ევროკომისიის რეკომენდაციების განხილვას დაეთმო და ურთიერთ ბრალდებებიც სესიაზე ამ საკითხს მოჰყვა. ძირითადი თემა დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია იყო.

დღეს ოპოზიციამ დარბაზში ვადამდელი არჩევნების იდეაც ახსენა, რასაც იქვე მოჰყვა პასუხი "ქართული ოცნებიდან". მმართველი გუნდის თქმით, ერთადერთი საკითხი, რაშიც ოპოზიციის მხრიდან შემხვედრ ნაბიჯს ელოდნენ, დეპოლარიზაცია იყო, თუმცა, მათი შეფასებით, ამ მხრივ პარტიები პასუხისმგებლობას თავს არიდებენ.

დეპოლარიზაციის გარდა, ოპოზიციისთვის საინტერესოა, როგორ აპირებს ხელისუფლება რეკომენდაციების იმ ჩანაწერის შესრულებას, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება. ოპოზიციის ნაწილს ეჭვი აქვს, რომ ხელისუფლებამ ამ პუნქტის შესრულება, შესაძლოა, პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ზეწოლისთვის გამოიყენოს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით კი, ოლიგარქები ქვეყანას სწორედ წინა ხელისუფლების დროს მართავდნენ.​

რიტორიკა ოპოზიციას მმართველმა პარტიამ დღეს არაერთხელ დაუწუნა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროპა ახლა შეცვლილ დამოკიდებულებებს ელოდება საქართველოსგან.

ევროკომისიის რეკომენდაციების ფონზე მმართველი პარტია პარტნიორებთან ურთიერთობას კიდევ უფრო აქტიურად გეგმავს. ამბობენ, რომ საქართველო მომავალს ევროპაში ხედავს და ეს ქვეყნის კონსტიტუციითაც გაწერილია.

საპარლამენტო ტრიბუნა დღეს 38-მა დეპუტატმა გამოიყენა. ეს ამ საგაზაფხულო სესიაზე ბოლო პოლიტიკური გამოსვლები იყო, პარლამენტი მუშაობას კვირის ბოლოს ასრულებს, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რიგგარეშე ფორმატში იმუშავებს.

დღის ამბები