წლის ბოლომდე განსაზღვრული ვადა და 12-პუნქტიანი საშინაო დავალება - ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად დრო ყოველდღიურად მცირდება, ყველა თანხმდება, რომ სამუშაო ბევრია, თუმცა უთანხმოების საგანი ის არის, თუ საიდან უნდა დაიწყოს ეს პროცესი.
რიგით პირველი რეკომენდაცია დეპოლარიზაციაა. ამ მიზნის მიღწევას ოპოზიცია ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განიხილავს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, აქ ამბობენ, რომ ოპონენტებს კონსტრუქციულ დიალოგს სთავაზობენ, თუმცა ულტიმატუმებით საუბარი და მთავრობის გადაყენების მოთხოვნა პროცესს წინ ვერ წასწევს.
ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილება - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ოპოზიციისთვის ხელიდან გაშვებული ისტორიული შანსია. პასუხისმგებელი კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით ხელისუფლებაა, რომელმაც პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.
როგორ უნდა შესრულდეს წლის ბოლომდე ევროკომისიის რეკომენდაციები და ვის რა როლი ექნება პოლიტიკური დეპოლარიზაციის დასრულებაში? ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არა მარტო ოპოზიციისა და მმართველ პარტიის წარმომადგენლებს შორის არსებობს. თავად ოპოზიციაში რამდენიმე ვერსია აქვთ. მაგალითად პარტია "გირჩში" ამბობენ, რომ პრემიერის წასვლა ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე არაფერს შეცვლის.
გუნდი დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ოპონენტებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ოპოზიციის აქტივობები, როგორც "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, ქვეყნის ევროინტეგრაციის მომავალს აზიანებს.
პარლამენტის წინ აქციაზე, 24 ივნისს, მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა საზოგადოებას მთავარი მოთხოვნები გააცნეს: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობით მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის მონაწილეებმა მთავრობას ამ მოთხოვნების შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა განუსაზღვრეს. მმართველი გუნდი ამბობს, რომ მოთხოვნა აბსურდულია და პოლიტიკურ დღისწესრიგში ახლა მხოლოდ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დგას.