15 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
პრეზიდენტის პირველი ვეტო და განმარტებითი ბარათი პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანო ე.წ. მოსმენების კანონს უბრუნდება

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უკვე დეპუტატების სამუშაო მაგიდებზე დევს. გაპრეზიდენტებიდან 4 წლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა პირველად, ვეტოში გაწერილი რეკომენდაციები პარლამენტს გადაუგზავნა და შეაფასა, როგორც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ე.წ. ფარულ-მოსმენა მიყურადებასთან დაკავშირებულ პროექტზე შენიშვნებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არაუგვიანეს სექტემბრის დასაწყისში განიხილავს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება სხვა სადავო კანონპროექტებთან დაკავშირებითაც უნდა გამოეყენებინა.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ პროექტი როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ კანონმდებლობასთან სრულად თავსებადია. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს კანონპროექტზე ვეტოს დასადებად, სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს.

ე.წ. მოსმენების კანონში ოპოზიციის ნაწილი ხედავს საფრთხეს, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების სივრცე შეიზღუდება. ამბობენ რომ პრეზიდენტის პოლიტიკური ვეტო, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯი იყო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონი ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს არ აუარესებს. შინაარსის მიხედვით შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს დანაშაულებებთან საბრძოლველად გონივრული ვადები განესაზღვრებათ. აქედან გამომდინარე, ანრი ოხანაშვილის თქმით, მოტივირებულ შენიშვნებში არცერთი სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს და პარლამენტი ვეტოს დაძლევს.

პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო 22 ივნისს დაადო. უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება, ხოლო დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს, ოცდაშვიდი, ნაკლებად მძიმე დანაშაული ემატება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესი.

დღის ამბები