სოროსის ფონდის პროგრამების ხელმძღვანელის კიდევ ერთი განცხადება, რომელიც პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა. მმართველი გუნდი ვანო ჩხიკვაძეს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.
"ქართული ოცნება" დამოუკიდებელი ექსპერტის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ ჩხიკვაძის შეფასებები ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე ოპოზიციის რადიკალურ გეგმებს ამყარებს. საქმე ვანო ჩხიკვაძის იმ განცხადებას ეხება, რომელშიც ექსპერტი ამბობდა, რომ საქართველო კანდიდატობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, ახლა კი ამბობს, რომ სტატუსის არ მიღება ხელისუფლების უმოქმედობის ბრალია. თავად მმართველი ძალა კი ევროინტეგრაციის პროცესში დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებაში, ოპოზიციასთან ერთად სწორედ ვანო ჩხიკვაძეს და სამოქალაქო სექტორის ნაწილს ადანაშაულებს.
ფონდ "ღია საზოგადოების" წარმომადგენელმა, ვანო ჩხიკვაძემ საქართველოს ევროპერსპექტივაზე ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ისაუბრა. ევროკავშირის პროგრამების ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ევროპაში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისადმი ნდობა არ აქვთ.
ბრალდებას დაუსაბუთებელს უწოდებენ მმართველ გუნდში, სადაც ვანო ჩხიკვაძეს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ. "ქართულ ოცნებაში" ფონდ "ღია საზოგადოების" პროგრამების მენეჯერს რამდენიმე კვირის წინ მის მიერვე გაკეთებული ის განცხადება შეახსენეს, სადაც ჩხიკვაძე ამბობდა, რომ საქართველო კანდიდატობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.
"ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია, როდის ამბობდა სიმართლეს ჩხიკვაძე და მიუღებელია ხელისუფლების დადანაშაულება იმ ადამიანისგან, რომელიც თავად მიიჩნევდა, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე არ ეკუთვნის. მსგავსი შინაარსის განცხადება სოროსის ფონდის წარმომადგენელმა 26 მაისს გააკეთა.
მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ჩხიკვაძის განცხადებაში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიცია. ოპონენტები ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ.
ვანო ჩხიკვაძის განცხადებების უკან ხელისუფლება ოპოზიციის ინტერესს ხედავს. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ მსგავსი შეფასებები პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციას ემსახურება.
სახელისუფლებო გუნდის ბრალდებების მთავარი ადრესატი განმარტებების გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს. ვანო ჩხიკვაძემ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა.