საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, როლს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ დინამიკურ და ინტენსიურ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში დაპატიჟა.
მთავრობის მეთაური შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება და წერს, რომ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების გზები განიხილეს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ისტორიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლიერია.
"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ისტორიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ. შეხვედრისას განვიხილეთ არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების გზები. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის გაღრმავებას
," -აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.