დღეს მადრიდის სამიტის ბოლო დღეა. მიღებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. მათ შორის ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, სამიტის კომუნიკე და "საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი", რომელიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და ამ პროცესში ნატოს კიდევ უფრო მეტ ჩართულობას გულისხმობს. სამივე მათგანი საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეიცავს.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრები ექნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველ პირებთან.
მანამდე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერისგან კეთდება საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები
"ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა ვთანხმდებით, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელია. მოხარული ვართ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრიც მონაწილეობდა სამიტში. ეს ღია სიგნალია, რომ ჩვენ ღია ვართ საქართველოსთვის. ღია კარის პოლიტიკა ნატოს მნიშვნელოვანი პრინციპია, რადგან ალიანსი თავდაცვითი ორგანიზაციაა. სახელმწიფოებს კი რომელთაც თავდაცვით ორგანიზაციაში შესვლა უნდათ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. რუსული საფრთხეებისადმი ჩვენი პასუხი ადეკვატურია. ჩვენ გავაძლიერებთ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს . დღეს ჩვენი განხილვის თემა გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებაა. ჩინეთი სერიოზული გამოწვევაა. ჩინეთი აკვირდება უკრაინის ომის შედეგებს. თუ რუსეთი გაიმარჯვებს ეს მისთვის მოტივაცია და სიგნალი იქნება წამოიწყოს მსგავსი კონფლიქტი ინდო- წყნარი ოკეანის რეგიონში . ამიტომ ამ საფრთხის მიმართ ყურადღებით უნდა ვიყოთ და უკრაინას ომის მოგებაში დავეხმაროთ. რუსეთის მოგება საერთაშორისო წესრიგისა და მშვიდობის ნგრევა იქნება," - აცხადებს ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევისტსი.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას რომელსაც რუსეთი მეზობელ ქვეყნებს უქმნის.
"კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ ნატოს ტერიტორიის ყველა ინჩი დავიცვათ. გავაძლიერებთ მუშაობას ტერორიზმის მიმართულებით. პუტინს მუქარა ეხერხება. ის მანამდეც იმუქრებოდა და ეს არ არის ჩვენთვის ახალი. ცხადია, ბატონი პუტინისგან ველოდებით მეტ სიურპრიზს. ეჭვი მეპარება, რომ ის ფინეთსა და შვედეთს პირდაპირ დაესხას თავს. მოსალოდნელია კიბერ და ჰიბრიდული თავდასხმები. ასევე საინფორმაციო ომი,"- განაცხადა კაია კალასმა.