15 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი - მიხეილ ყაველაშვილი

პარლამენტარმა, მიხეილ ყაველაშვილმა "ქართული ოცნების" დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. მმართველი პარტიის ყოფილი წევრის თქმით, მიზეზი გარკვეულ თემებზე ღიად საუბრის შესაძლებლობის ქონაა და ეს არის პროექტი, რომელიც არ არის ერთჯერადი და ამ თვალსაზრისით საჭიროდ ჩათვალეს "ქართული ოცნებიდან" გასვლა, რომ არც მათ ჰქონოდათ პარტიული შეზღუდვა და არც პარტიის მისამართით ყოფილიყო კითხვები, თუ რატომ საუბრობს ასეთ თემებზე მათი წევრი:

მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ომში ჩართვისკენ პირდაპირი მოწოდებები.

"ეს ინფორმაციები რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა. დაახლოებით 2 თვით ადრე ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ კანდიდატის სტატუსი სპეციალურად არის, ვერ მიაღწიეს იმას, რომ ჩვენ სხვადასხვა მეთოდებით ჩავერთეთ უკრაინის ომში. გახსოვთ უკრაინის პრემიერის განცხადებები, გამოსვლები, ზელენსკის ჩართვა, მთელი ეს პროცესი, ლაპარაკობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, პარლამენტის წევრის, ვიღაც გონჩარენკოს პირდაპირ მოწოდება ქილიკით, ხომ არ არის დრო რომ გაისეირნოთ, რომელსაც პასუხი გავეცი. თითქოს ნამუსზე აგდება, ქართველებს ომი, ამ სიტუაციის ჩვენთან აგორება.

მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის პროექტი, რომელიც არ არის ერთჯერადი და ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ გამოყოფა ამ თვალსაზრისით, რომ ეს პროცესი უფრო მეტად არ განვითარდეს. ამაში იყო უფრო მეტად აზრთა სხვადასხვაობა, რომ ისედაც ვერ ვითმენდით, პირდაპირ ვუთხარით, არ უნდა მქონდეს მე პარტიული შეზღუდვა, შენ მიდიხარ, ევროპარლამენტარს ესაუბრები, პრემიერი მიდის, დღესაც და გუშინ შეხვედრები ჰქონდა და ვიღაცამ არ უნდა უთხრას, რომ თქვენი პარტიის წევრი ამას რატომ საუბრობს, ან კიდევ რაღაც მითითება, რომ არ მივცეთ საბაბი ადამიანებს სცენარის განვითარებისთვის, რომელიც ჩვენს თვალწინ დღეს ვითარდება. მაშინაც იყო საუბარი, რომ მოდით წინასწარ ვთქვათ, ეს ამიტომ არის გაკეთებული, მაგრამ ჩავთვალეთ რომ დავლოდებოდით, სადამდე მივიდოდა ეს პროცესი," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საღი შეფასება გააკეთა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, ნებისმიერმა პოლიტიკოსმა, თუ მას რაიმე ინტერესი და ზეწოლა არ აქვს ვინმეს მხრიდან, არსებული პროცესები მსგავსად უნდა შეაფასოს.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "თავისუფალი ხედვა" განაცხადა, რომ ვერ ხედავს ლოგიკას ამ გადაწყვეტილების უკან, რაც ევროკავშირმა განახორციელა, მხოლოდ ორმაგ სტანდარტს უკავშირდება და ლოგიკური იქნებოდა, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ სამივე სახელმწიფოსთვის და არ განესხვავებინათ ისინი.

დღის ამბები