ნატოს მადრიდის სამიტი სრულდება. ალიანსის გენერალური მდივანი პრესკონფერენციას მართავს. იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის შედეგები შეაჯამა. მისი განცხადებით სამიტის ოფიციალური ნაწილი დაიხურა.
"ტრანსფორმირებადი სამიტი შედგა, მივაღწიეთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მომავალთან ადაპტირებადია. შევთანხმდით, რომ ფინეთი და შვედეთი შეუერთდება ალიანსს, შევთანხმდით უკრაინის მხარდაჭერაზე ხანგრძლივი ვადით. შევიმუშავეთ ახალი კონცეფცია, განვიხილეთ კლიმატის ცვლილების საკითხი. ინვესტიციის გაზრდა საერთო თვადაცვის ბიუჯეტისთვის, ასევე შევთანხმდით ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერაზე. სამიტზე მოხდა საფრთხეების და გამოწვევების ირგვლივ ფოკუსირება.
ჩვენს ახალ კონცეფციაში საუბარია ტერორიზმთან ბრძოლაზე და მის ყველა ფორმაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზაობა სადაზვერვო ინფორმაცის გაზიარებაზე. განვიხილეთ გლობალური საკვების კრიზისი, რომლის მაპროვოცირებელიც უკრაინაში რუსეთის ომია. უპრეცედენტოდ იზრდება საკვებზე ფასები. მოკავშირეები ერთად ვხვდებით ამ გამოწვევას. ვისაუბრეთ რუსეთისა და ჩინეთის საფრთხეებზე. მოსკოვი და პეკინი ეკონომიკას იარაღად იყენებენ იმისთვის, რომ თავისი ინტერესები გაატარონ რეგიონში,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სამიტზე მიღებულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. საქართველოსთან დაკავშირებით ალიანსმა მიიღო ახალი, გაძლიერებული დახმარების პაკეტი, რომელიც გულისხმობს თავდაცვისუნარიანობის და მედეგობის გაზრდას, ასევე საქართველო ჩაიწერა ლიდერების ერთობლივ დეკლარაციაში, სადაც საუბარია დახმარების ახალ პაკეტზე, გარდა ამისა საქართველოზე საუბარი არის სტრატეგიულ დოკუმენტში, უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში, სადაც ნატო კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ ღია კარის პოლიტიკა ძალაშია და არ გადაიხედება 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი,
ნატოს მადრიდის სამიტი არის ისტორიული, რადგან აქ ოფიციალურად ნატოში გასაწევრიანებელი მიწვევა მიიღო ფინეთმა და შვედეთმა, რომლებიც ალიანსის 31-ე და 32-ე წევრები გახდებიან.
სამიტზე ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ნატო სწრაფი რეაგირების ძალებს 40 ათასიდან 300 ათასამდე გაზრდის.
მომავალი 10 წლის განმავლობაში ალიანსის პოლიტიკა იქნება მიმართული იმისკენ, რომ ნატოსთვის მთავარი და პირდაპირი საფრთხე არის რუსეთის ფედერაცია.
ნატომ მიიღო ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი უკრაინისთვის და მადრიდში კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ამ ომში რუსეთი უნდა დამარცხდეს.
ნატოს მომავალი სამიტი ერთი წლის შემდეგ ვილნიუსში გაიმართება.