15 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ოფიციალურ მიღებას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წევრები, არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

გამოსვლების შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა კელი დეგნანმა. დიპლომატმა საქართველო-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობასა და დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელჩი დეგნანი შეეხო უკრაინის ომსაც და განაცხადა, რომ საქართველო, ისევე, როგორც უკრაინა, დემოკრატიული ღირებულებებისთვის იბრძვის.

ამერიკის შეერთებული შტატები 4 ივლისს 246-წლიან დამოუკიდებლობას აღნიშნავს.

"4 ივლისს აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ დღეს ამერიკელმა ხალხმა პირობა დადო, რომ ააშენებდა ქვეყანას, რომელიც ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნებოდა დაფუძნებული. 246 წლის განმავლობაში ამერიკელი ხალხი რჩება ამ პირობის ერთგული.

თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვის სურვილი არის ის, რასაც ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებს. ქართველებმა და ამერიკელებმა კარგად ვიცით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ადვილი საქმე არ არის. ჩვენ ვნახეთ ეს 2008 წელს საქართველოში რუსეთის გაუმართლებელი შემოჭრის დროს და ამას ვხედავთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ბარბაროსულ ომში. ქართველებს უსაზღვროდ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ერთობით, როდესაც ერთიანდებიან ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის. მე კი გარწმუნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას," - განაცხადა კელი დეგნანმა.

ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის სახელით ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი იყო წარმოდგენილი, რომელმაც ამერიკის ელჩთან ერთად დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

"ჩვენ გიერთდებით ძირითადი ღირებულებების აღსანიშნავად, რომლებსაც ვიზიარებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ქართველი ხალხისთვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის ღირებულებები, რისთვისაც ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვიბრძოდით და ამიტომ ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვები, არამედ ეს არის სისხლითა და შრომით მოპოვებული საგანძური. სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი ომის ფონზე, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ პრინციპები და ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ, საჭიროებს მუდმივ დაცვას.

ვინაიდან წელს ჩვენ ასევე, აღვნიშნავთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოცდამეათე წლისთავს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეერთებული შტატების როლი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში გადამწყვეტი იყო საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში. საქართველო, როგორც საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი, მტკიცედ არის მოწოდებული კიდევ უფრო გააძლიეროს სტრატეგიული და მეგობრული პარტნიორობა ჩვენს ერებს შორის," - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები