26 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი დაამარცხა

დღე, რომელიც ქართველ გულშემატკივარს არასდროს დაავიწყდება, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი დაამარცხა. იღბლიანი გამოდგა ჩვენი გუნდისთვის ახალი სპორტის სასახლე, რომელიც საგანგებოდ ევრობასკეტისთვის აშენდა. კალათბურთელებმა ფავორიტი გუნდი 15 ათასი გულშემატკივრის აქტიური მხარდაჭერის ფონზე დაამარცხეს. ეროვნული ნაკრების მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა, რაც უკვე რეალური გახდა.

მსოფლიო ჩემპიონებზე გამარჯვების შემდეგ, ქართველი კალათბურთელების ზეიმი გასახდელში გაგრძელდა. თანაგუნდელებს კაპიტანმა მიმართა, მანამდე თორნიკე შენგელიამ პირველი ემოციები მედიას თამაშის დასრულებისთანავე გაუზიარა.

საქართველოსა და ესპანეთის საკალათბურთო დაპირისპირების ბედი ოვერტაიმმა გადაწყვიტა. მატჩის ინგლისურენოვანი კომენტატორი ხან ესპანურად, ხან კი ქართულად ახდენდა მატჩის კომენტირებას.

მატჩის აღმოჩენა გახდა რატი ანდრონიკაშვილი, რომლმაც ეროვნულ გუნდს 17 ქულა მოუტანა.

საქართველო ესპანეთის შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 67-67 დასრულდა, დამატებით დროში კი ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე 82-76 დაამარცხეს. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც საკუთარ გუნდს 18 ქულა შესძინა.

საქართველოს ნაკრებს წარმატება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიულოცა, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში რიგით გულშემატკივართან ერთად აქტიურად ქომაგობდა ეროვნულ გუნდს.

მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდში, ქართველი კალათბურთელები იტალიის, ისლანდიისა და ნიდერლანდების ნაკრებებს შეხვდებიან. პირველი სექტემბრიდან კი საქართველოში დაიწყება ტურნირი, რომელსაც თითოეული გულშემატკივარი განსაკუთრებით ელის, პირველად ქართული სპორტის ისტორიაში ჩვენი ქვეყანა ახალ სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები