21 დეკემბერი 2024,   16:00
ვრცლად
იმუშავებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის დაცვის ახალი სტრატეგია და რას იზამს ლიდერის გარეშე დარჩენილი "ნაციონალური მოძრაობა"

მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელი გზავნილი, კლინიკიდან მისმა ინტერესების დამცველებმა გაახმოვანეს. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ექსპრეზიდენტმა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გადაწყვეტილება მიიღო, რომ ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს და გამოჯანმრთელების შემდეგ, პოლიტიკური მომავალი მხოლოდ უკრაინას დაუკავშიროს. თქვეს ისიც, რომ არ უკვირთ სააკაშვილის თანაგუნდელების განწყობები, რის გამოც დაცვის მხარეს მეორე დღეა თავის მართლება უწევს.

სწორედ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატებისგან გაიგეს პარტიაში, რომ მათი ლიდერი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს. სააკაშვილი ქართული პოლიტიკის მიღმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილისთვის იმდენად წარმოუდგენელია, რომ ადვოკატების ნათქვამის დაჯერება თავდაპირველად გაუჭირდათ. ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიის განუყოფელი ნაწილია და ახლა მათთვის პრიორიტეტი მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხია. ამ თემაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ერთადერთი კომენტარი გუშინ გააკეთა და თქვა, რომ ადვოკატების განცხადებები, მათი სტრატეგიის ნაწილი იყო და ის არ იზიარებს. 

ქართული პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილის გარეშე რთულად წარმოუდგენია პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს. გრიგოლ ვაშაძე, რომელიც პატიმარ ექსპრეზიდენტს დღეს კლინიკაში ესტუმრა, აცხადებს, რომ ქართული პოლიტიკიდან და პარტიიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლა, ისტორიის დიდ ფურცელს დახურავს.

ოპოზიციური დეპუტატების ნაწილმა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება მმართველ პარტიასთან გარიგებას დაუკავშირა. ნაწილს კი სააკაშვილის გადაწყვეტილების ესმის, რადგან ამბობენ, რომ საუბარია ადამიანის გადარჩენაზე.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სააკაშვილის ადვოკატების სტრატეგია მიხეილ სააკაშვილს პასუხიმგებლობას ვერ არიდებს და ვერც სასჯელს შეუმსუბუქებს. "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის, მსჯავრდებული პრეზიდენტის უფლებადამცველების განცხადებები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა.

სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას, ბოლო რამდენიმე დღეა მისი ოჯახის წევრები და ადვოკატები ავრცელებენ, თუმცა პოლიტიკურ მომავალზე თავად მიხეილ სააკაშვილს ჯერ არაფერი უთქვამს. როგორც დაცვის მხარე და მსჯავრდებულის დედა ამბობენ, ყოფილი პრეზიდენტი გეგმების შესახებ განცხადებას უახლოეს პერიოდში სასამართლო პროცესზე გააკეთებს.

დღის ამბები