21 დეკემბერი 2024,   15:55
ვრცლად
დროებითი ზავი შეიარაღებული დაპირისპირების წინაშე მყოფ სერბეთსა და  კოსოვოს შორის

გასულმა ღამემ კოსოვო-სერბეთის საზღვართან, ახალი სამხედრო კონფლიქტის ზღვართან ახლოს გაიარა.

უთანხმოების საფუძველი, რამაც ესკალაციის რისკი გააჩინა, ახალი არ არის. კოსოვოს ხელისუფლება ცდილობს საკუთარი კანონმდებლობის ჩარჩოში მოაქციოს წლების განმავლობაში მოუგვარებელი საკითხები, რაც სერბეთის მოქალაქეების მათ ტერიტორიაზე შესვლის წესებს, ასევე ეთნიკურ სერბებს ეხება, რომლებიც კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონების მოსახლეობის 80%-ზე მეტს შეადგენენ. ცენტრალური ხელისუფლება მათგან მოითხოვს, ავტომობილებიდან წლების წინ მინიჭებული სერბული სანომრე ნიშნები მოხსნან და კოსოვოს ორგანოების მიერ გაცემული დააყენონ. კიდევ ერთი ახალი ნორმა კოსოვოში შემსვლელ სერბებს დაავალდებულებს, აიღონ დამატებითი დოკუმენტი, რომელიც საზღვრის კვეთის და ქვეყანაში ყოფნის ვადებთან დაკავშირებულ ინფორმაციას აღრიცხავს. ცვლილებები ძალაში დღეიდან უნდა შესულიყო, წინააღმდეგობაც სწორედ ამიტომ დაიწყო.

სერბმა აქტივისტებმა ორ მნიშვნელოვან სასაზღვრო პუნქტთან გზები ჩახერგეს და მობილიზდნენ. მობილიზება მოახდინეს კოსოვოს ძალოვანმა უწყებებმაც. საბოოლოოდ ვითარება კოსოვოს მთავრობის კომპრომისმა განმუხტა, რომლითაც კანონის ძალაში შესვლა მინიმუმ სექტემბრამდე გადავადდა. 

ვუჩიჩი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს პუტინთან და რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობს, გუშინ ამ განცხადებამდე იმავე ტერმინოლოგიით საუბრობდა, რასაც რუსეთის პრეზიდენტი უკრაინასთან მიმართებაში იყენებს. ის ამბობდა, რომ კოსოვოს დენაციფიკაცია უნდა მოხდეს. კოსოვოსთან ვითარების დაძაბვას სწრაფად მოჰყვა მხარდამჭერი განცხადებები კრემლიდან.

კრემლის ინტერესის პარალელურად, რომ ევროპის კონტინენტზე ახალი დაძაბულობის ცენტრი გაჩნდეს, საპირისპიროდ რეაგირებენ ევროატლანტიკური სტრუქტურები. ისინი მხარეებს დიალოგისკენ და მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ. განცხადება გაავრცელა ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფმა საერთაშორისო ძალების მისიამაც, რომელიც კოსოვოში მოქმედებს. მოლაპარაკებების ხელშეწყობის მზაობა გამოთქვა თურქეთმაც.

დღის ამბები