21 დეკემბერი 2024,   16:16
ვრცლად
მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა - "კურიერთან" ცნობილი ქართველი მომღერალი მისმა კოლეგებმა გაიხსენეს

55 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მომღერალი და მუსიკალური გადაცემების წამყვანი, მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. ის ნატახტართან მომხდარი ავარიის შემდეგ, მძიმე ტრამვებით საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თითქმის 40 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, მამუკა ონაშვილს 2 მუსიკალური ალბომი და 6 ვიდეო კლიპი აქვს გამოშვებული. მუსიკოსი ხშირად მართავდა კონცერტებს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. დღეს, "კურიერთან" ცნობილი ქართველი მომღერალი მისმა კოლეგებმა გაიხსენეს.

მოხდა ზუსტად ისე, როგორც ამ ჩანაწერში მღერის, მამუკა ონაშვილმა თითქმის 40 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში შემოიკრიბა მსმენელი და სიყვარულით გაჯერებული სიმღერებით თავი დაამახსოვრა. მართალია მამუკას ძველი სიმღერები ტელეკრანებიდან ხშირად არ ჟღერს, თუმცა მისი ტექსტი და მელოდია მსმენელს ახსოვს, ის ხშირად ისმოდა სცენაზე და ჰიტებად იყო ქცეული.

იყო ესტრადის მომაღერალი, მუსიკალური გასართობი პროგრამების წამყვანი, ასევე იუმორისტული პროექტის "იუმორინას" წევრი. გამოშვებული აქვს ორი ალბომი და 6 ვიდეო კლიპი - ეს ინფორმაცია მაყურებლისთვის ნაცნობი იქნება, თუმცა ჩამოთვლილთან ერთად მამუკა ონაშვილს პერსონალური გამოფენაც ჰქონდა.

ყველა რესურსით რაც ჰქონდა ემსახურებოდა ხელოვნებას. დღეს მის მეგობრებს ძალიან უჭირთ მამუკა ონაშვილზე წარსულ დროში საუბარი. გუშინ მომღერალმა ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანებები მიიღო, მთელი ღამის განმავლობაში ახლობლები კლინიკის ეზოში ელოდნენ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა დილით მათ ცნობა მამუკას გარდაცვალების შესახებ მიიღეს.

მთავარი მოგონება, რასაც მამუკა ონაშვილის მეგობრები იხსენებენ ,სიკეთის გაზიარება და ადამიანების გვერდში დგომაა. ქართული ესტრადის მომღერალი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ამბები