21 დეკემბერი 2024,   17:51
ვრცლად
"ლელო" მთავრობას რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით 3-პუნქტიანი ინიციატივით მიმართავს

"ლელო" მთავრობას რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით 3-პუნქტიანი ინიციატივით მიმართავს - პარტია ითხოვს, ამოქმედდეს დროებითი სავიზო რეჟიმი, შეიზღუდოს და მაქსიმალურად გაკონტროლდეს საქართველოში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, ამასთანავე, ბინადრობის უფლების გაცემის საკითხი და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ბიზნესის დარეგისტრირების პროცესი. 

"დღის წესრიგში აუცილებლად უნდა დადგეს მსჯელობა იმაზე, რომ ჩვენ ისევ აღვადგინოთ, თუ გნებავთ დროებით, მაგრამ აღდგეს გამარტივებული სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს რაღაცა ფილტრი დაყენებული ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად და ვიცოდეთ ვინ შემოდის, რა მიზნით შემოდის, რამდენ ხანს რჩება და როდის ტოვებს ჩვენს სახელმწიფოს," - განაცხადა პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა.

საპასუხო კომენტარი გაკეთდა "ქართულ ოცნებაში" -  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით, სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა, რუსეთთან ომში ჩართვასთან არის კავშირში.

"ასეთი მცდელობები თითქოს პატრიოტული მოტივით, თითქოს შენი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვის მოტივით, ეს არის ფასადური. მე ამაში სერიოზულ ინტერესს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვას ვერ ვხედავ. ჩვენი ქვეყნის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული და თუ ვინმეს ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული, ამაზეც შესაბამისი რეაგირება მოხდეს. შესაბამისი რეაგირება მოხდება ყველაფერზე და ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა უსაფრთხო გარემო იყოს უზრუნველყოფილი, ყველა შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები