21 დეკემბერი 2024,   18:07
ვრცლად
ოპოზიციის მიმართვა "ქართულ ოცნებას" და ხელმომწერი 48 ოპოზიციონერი დეპუტატი - რას პასუხობს მმართველი გუნდი ოპონენტების ბრალდებებს

საპარლამენტო ოპოზიციის 48 დეპუტატი "ქართულ ოცნებას" მიმართავს, შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია.

კანონმდებლების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის ქმედებები ხელს უშლის ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრირებას რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მმართველი ძალის რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

განცხადებაში ნახსენებია "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატებიც. 48 ოპოზიციონერის აზრით, დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ კამპანია განსაკუთრებით მკაფიოდ, ქართული ოცნებიდან გასული წევრების მხრიდან განხორციელებულ ცილისმწამებლურ თავდასხმებში გამოიკვეთა. თავად მმართველ პარტიას გამიჯნული კანონმდებლები ოპონენტების მიმართვას სამარცხვინოს უწოდებენ.

კითხვების დასმა არ ნიშნავს თავდასხმას - ასე ეხმაურებიან ოპოზიციონერების მიმართვას მმართველ გუნდში. პარტიის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ დღევანდელი განცხადება, სახელმწიფოებრიობასთან 48 დეპუტატის დამოკიდებულების ლუსტრაციაა. პარტნიორების წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებაში სახელისუფლებო გუნდის ლიდერები ოპოზიციის წარმომადგენლებს ადანაშაულებენ.

48 ოპოზიციონერის ხელმოწერით, განცხადება დღეს გავრცელდა. კანონმდებლებმა ამ ფორმით მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ყოფილ ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს.

დღის ამბები