26 აპრილი 2024,   10:38
ვრცლად
ქვეყანაში ტურიზმს არავინ ებრძვის, ებრძვიან მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში გაურკვეველი მიზნებით არიან ჩამოსულები - ოპოზიცია მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას აფასებს

ოპოზიციაში, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბრიფინგს უკვე გამოეხმაურნენ. მთავარი აქცენტი მათ კობახიძის იმ განცხადებაზე გააკეთეს, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას უკავშირდება. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" კობახიძის დღევანდელ განცხადებებს სამარცხვინო უწოდეს: 

"ეს არის შეშინებული, სამარცხვინო ხელისუფლების პოზიცია. მოსახლეობის თვითშეგნება ძალიან მაღალია და ისინი თავიანთ მომავალს ევროპაში ხედავენ. ეს კი პრობლემაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთ პოლიტიკურ მომავალს რუსეთში ხედავენ. სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი სამარცხვინო ბრიფინგი, თუ რამე მშვიდობიანად გააპროტესტე შენს ქვეყანაში, თურმე ომი გინდა",- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე კი აცხადებს, რომ ამ ქვეყანაში ტურიზმს არავინ არ ებრძვის და ებრძვიან მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში გაურკვეველი მიზნებით არიან ჩამოსულები და არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 

რაც შეეხება პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეების" პოზიციას, მისი წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ არ ემხრობა ეთნიკური ნიშნით ტურისტების გარჩევას, თუმცა ასევე ამბობს, რომ კარგად ესმის საქართველოს მოქალაქეების პროტესტის. 

"არ ვემხრობი ტურისტების ეთნიკური ნიშნით გარჩევას, თუმცა მეორე მხრივ, კარგად მესმის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, როდესაც ქუჩაში დადიან და ხედავენ დიდი რაოდენობით რუს ტურისტეს, ეს იწვევს მათში შიშს და ამას სჭირდება ადეკვატური პასუხი, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გასცეს,"- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე,  ლევან იოსელიანი. 

დღის ამბები