21 დეკემბერი 2024,   17:53
ვრცლად
ქსენოფობიური, აგრესიული და პროვოკაციული - ასე შეაფასა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება

"ქართული ოცნების" წევრების აზრით, საგამოძიებო უწყება, ირაკლი ოქრუაშვილს facebook პოსტით უნდა დაინტერესდეს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსი მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, პროვოკაციების შემცველია, საზოგადოებაში აგრესიას აღვივებს და ამავდროულად, ქსენოფობიური კამპანიის ნაწილია.

სტატუსი ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში გუშინ, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ირაკლი კობახიძემ რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიური კამპანიის შესახებ ბრიფინგი გამართა. ეს სტატუსი დღეს სოციალურ ქსელში აღარ იძებნება, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინფორმაციით, ნეგატიური გამოხმაურების გამო ფეისბუქის ადმინისტრაციამ მისი სტატუსი წაშალა.

ოქრუაშვილს დღეს აკრიტიკებდნენ ოპოზიციაშიც, მეტიც, თავდაცვის ყოფილ მინისტრს "ლელომ" ბოდიშის მოხდისკენაც კი მოუწოდა. მმართველი პარტიის ოპონენტები ფიქრობენ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები, არ აქვს მნიშვნელობა ეკუთვნის ის ხელისუფლებას თუ მის ოპონენტს, საფრთხის შემცველია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ირაკლი ოქრუაშვილის ემოციების ესმის, ისინი მის პოზიციას მაინც არ იზიარებენ. ოქრუაშვილის გარდა, ოპოზიცია დღეს ხელისუფლებასაც აკრიტიკებდა

ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდებები დაინახეს ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სწორედ მსგავსი შინაარსის პოზიციები შეიცავს ომის რიტორიკას, მათივე თქმით, მსგავსი განცხადებები ქვეყანაში დამატებით საფრთხეებს ქმნის.

ირაკლი ოქრუაშვილის სტატუსს მალევე სოციალურ ქსელშივე უპასუხა მამუკა მდინარაძემ. მმართველი პარტიის ლიდერი წერს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები ქსენოფობიისა და შოვინიზმის გარდა, ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაცაა.

ოქრუაშვილმა სტატუსი ირაკლი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ გამოაქვეყნდა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე გუშინ თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს, რომლის მიღმა ნაციონალური მოძრაობა, მასთან დაკავშირებული ოპოზიციური პარტიები და მესამე სექტორი დგას.

დღის ამბები