26 აპრილი 2024,   16:53
ვრცლად
ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების გზებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის ხედვები ისევ განსხვავებულია - ორშაბათს დეპუტატები სასამართლო რეფორმის საკითხზე იმსჯელებენ

საკანონმდებლო ორგანოში ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა გრძელდება. დეპუტატები ორშაბათს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ევროპული დავალების მესამე პუნქტზე იმსჯელებენ, რაც სასამართლო რეფორმის საკითხს გულისხმობს.

ევროკავშირის კანდიდატობისთვის 12 რეკომენდაციის შესრულების გზებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნაწილის ხედვები ისევ განსხვავებულია.

"სასამართლოში არის კლანი და როცა სასტარტო პოზიცია, სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს "ქართული ოცნება", იწყება იმით, რომ თურმე არავითარი კლანი და პრობლემა არ არსებობს, რაღა თქმა უნდა აპრიორშივე ჩიხურ მდგომარეობაში აყენებს და ძალიან ბევრ კითხვას აჩენს იმ სამუშაო ჯგუფთან.

გადავწყვიტეთ არასამთავრობოებთან მუშაობა იმისათვის, რომ დროა არ დაგვეკარგა და სექტემბერში, როდესაც პლენარული სხდომები განახლდება, ჩვენ უკვე მზად გვექნება საკანონმდებლო შეცვლილი პაკეტი," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე.

სასამართლო სისტემაში კლანის არსებობა მიაჩნია მთავარ პრობლემად "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრ პაატა მანჯგალაძესაც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის საბჭო გათავისუფლდეს კლანის გავლენისგან. როგორც პაატა მანჯგალაძე ამბობს, პრობლემების აღიარების გარეშე "ქართული ოცნების" მიერ წამოწყებული პროცესი დროის გაწელვას ემსახურება.

"ქართული ოცნების" წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით კი, მმართველი გუნდი მზადაა იმსჯელოს იმაზე, თუ როგორ უნდა იქნეს არიდებული სასამართლო სისტემებში მანკიერი პრაქტიკების ჩამოყალიბება. მისი თქმით, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი დაუსაბუთებელ ბრალდებებს აგრძელებს და პროცესში არ ერთვება

"ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი არ აპირებს ნაბიჯების გადმოდგმას და მათთვის უფრო კომფორტულია, განვითარებაზე ფიქრის ნაცვლად ისაუბრონ დღეს არსებული პრობლემების თაობაზე, როგორც არარსებული პრობლემების არსებულად გასაღებაზე და ასე შემდეგ. უფრო მიზანმიმართულად ამაზე აინტერესებთ მუშაობას, რომ რაც შეიძლება მეტი იყოს მადისკრედიტირებელი ხელისუფლებისა და სასამართლო ხელისუფლების და არა იმაზე, რომ გვქონდეს პროგრესი ნებისმიერი მიმართულებით," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები