21 დეკემბერი 2024,   18:00
ვრცლად
"ეს არის საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების, ერგნეთის ფორმატის შეხვედრების შედეგი - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი

თითქმის სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ნაწილობრივ გახსნას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ეხმაურება. ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი ჩართულობის შედეგია. 

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ეს არის საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების ერგნეთის ფორმატის შეხვედრების შედეგი. ასევე, იყო ე.წ. პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირება. როგორც ჩანს, მან ეს დაპირება შეასრულა და ძალიან კარგია და თუკი მსგავსი ნაბიჯები მოსახლეობის სასიკეთოდ გადაიდგმება სამომავლოდ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

წლის ბოლომდე, ყოველ თვე, ათი დღის განმავლობაში გაიხსნება ხოლმე. შეზღუდვა სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. რა თქმა უნდა, ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, რომლებსაც გადაადგილების, სამედიცინო დახმარების და სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხის მიღების ფუნდამენტური უფლება არ გააჩნიათ," - ამბობს ნუგზარ თინიკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ თითქმის სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ნაწილობრივ იხსნება. ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიეცემა. აღნიშნული რეჟიმი კი ძალაში მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე იქნება. 

დღის ამბები