21 დეკემბერი 2024,   17:54
ვრცლად
პატიმარმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა

რა მოხდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში - გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარი სამედიცინო დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს, დღეს დილით კი როდესაც მამაკაცი ბადრაგებს საპატიმროში უნდა დაებრუნებინათ, მან, სავარაუდოდ თვითმკვლელობა სცადა. პატიმარი პაციენტი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, კრიტიკულად მძიმეა. ის, ამ დროისთვის, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი ფსიქიატრიულ კლინიკაში დილის 7-8 საათზე მოხდა.

გავრცელებული ცნობით, გასროლის რამდენიმე ხმა გაისმა, რის შემდეგაც გურამ სვანიძეს თავის არეში გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მკურნალობისგან გურამ სვანიძე ფიზიკურად დასუსტებული იყო და ბადრაგისთვის იარაღის წართმევას ვერ შეძლებდა.

"იძახიან, რომ ბადრაგს წაართვა ხელიდან და ესეც ძალიან მიკვირს... წამლები თუ ჰქონდა დალეული, ალბათ მისუსტებული უნდა ყოფილიყო... ჩემი შვილი არ იყო ის ტიპი, რომ თავი მოეკლა, დეპრესიული არ იყო,“ - ამბობს დედა, ნათია შენგელი.

თავად ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორმა, დავით ზურაბაშვილმა "კურიერის" კითხვებს არ უპასუხა. 

გურამ სვანიძე სამართალდამცველებმა ორი კვირის წინ დააკავეს. როგორც ოჯახის წევრები ჰყვებიან, მან ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი ჩაასხა და საფასური არ გადაიხადა. დაკავების შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

დღის ამბები