21 დეკემბერი 2024,   17:53
ვრცლად
"არის აბსოლუტური სიცრუე, საერთოდ არ უნდა ყოფილიყო იარაღიანი ადამიანი ჩემი შვილის ოთახში" - დაჭრილი მსჯავრდებულის დედა

მსჯავრდებულის ოჯახის წევრები, რომელმაც ფსიქიატრიულ კლინიკაში სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა, ამ წუთებში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფებიან. ისინი უწყებაში თითქმის ნახევარი საათია რაც შევიდნენ და ადგილზე იმ მასალას ეცნობიან, სადაც ფსიქიკური მედიცინის ცენტრში მომხდარი ინციდენტია აღბეჭდილი.

28 წლის გურამ სვანიძეს თავში გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მსჯავრდებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ეს სამიდან 5 დღემდე შენარჩუნდება.

რაც შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, ნათია შენგელია მას სიცრუეს უწოდებს.

"პულსაცია და წნევას ინარჩუნებენ, კრიტიკულ ზღვარზე ვართ და სამიდან ხუთ დღემდე გვაქვს დრო დავადგინოთ წამოვა თუ არა... ის რაც დაიდო facebook-ზე სპეციალური სამსახურის განცხადება, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ არის აბსოლუტური სიცრუე, საერთოდ არ უნდა ყოფილიყო იარაღიანი ადამიანი ჩემი შვილის ოთახში და მით უმეტეს, ცვლა იყო თუ არა, ექიმის გარეშე არაფერი არ უნდა ჩატარებულიყო და ყველაფერი არის სიცრუე," - ამბობს მსჯავრდებულის დედა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებული პატიმარი ბადრაგს მიეპარა, იარაღი ამოაცალა და იმავე იარაღიდან თავის არეში დაზიანება მიიყენა. პატიმარს კავკასიის მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა.

დღის ამბები