21 დეკემბერი 2024,   17:40
ვრცლად
რატომ დახვდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს Avocado.ge-ის კარი დაკეტილი და გააგრძელებს თუ არა ანტასანიტარულ სკანდალში გახვეული კვების ობიექტი მუშაობას

ზანდუკელზე, კვების ობიექტი, სადაც "ავოკადო.ჯი" წლების განმავლობაში მომხმარებლისთვის საკვებს ამზადებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოს დახურული დახვდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტის შემოწმება უწყებაში შესული ზარის შემდეგ გადაწყვიტა. საქმე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებს ეხებოდა, რომელიც ჩანაწერის ავტორის მტკიცებით, "ავოკადო.ჯის" სამზარეულოშია გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე სრული ანტისანიტარიაა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სამზარეულოს შემოწმების მიზნით კვების ობიექტის ხელმძღვანელობასაც დაუკავშირდნენ. სატელეფონო საუბრისას "ავოკადო.ჯის" დამფუძნებელმა უწყების თანამშრომლებს უთხრეს, რომ ობიექტი დაკეტილია და თითქმის ერთი კვირაა, არც შეკვეთა მიუღიათ, თუმცა, "ავოკადო.ჯის" სოციალურ ქსელში ობიექტის დროებით დაკეტვის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული არ არის.

მედიასთან გამოჩენა "ავოკადო.ჯი-ს" ხელმძღვანელობამ არ ისურვა, თუმცა, გავრცელებულ ჩანაწერებს კვების ობიექტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადებითა და მცირე ვიდეოთი უპასუხა. კომპანიაში ამბობენ, რომ ადგილი, სადაც ისინი წლები ოპერირებდნენ ახლა მათთვისაც დაკეტილია და შენობაში აღარც მათ უშვებენ. კვების ობიექტის დამფუძნებლები დღესაც ამტკიცებენ, რომ ვიდეოში ნაჩვენები სიტუაცია მათ სამზარეულოსთან კავშირში არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ კვების ობიექტი დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემოწმების გარეშე დატოვა, უწყებაში ამბობენ, რომ ისინი მონიტორინგს გააგრძელებენ.

ვიდეო სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. მომხმარებლები "ავოკადო.ჯი-ს" სამზარეულოში არსებულ ანტისანიტარიაზე ალაპარაკდნენ. გავრცელებული კადრების მიუხედავად, კვების ობიექტში ამბობენ, რომ ისინი ოპერირების შეწყვეტას არ აპირებენ.

დღის ამბები