11 ოქტომბერი 2024,   22:02
ვრცლად
რუსეთი უკრაინასა და მის მოსახლეობას რადიოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს - აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხში

რუსეთმა ბირთვული განიარაღების საკითხზე გაერო-ს კონფერენციაზე, ერთობლივი დეკლარაციის მიღება დაბლოკა.

ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმება, რომელსაც ხელს ყოველ ხუთ წელიწადში 191 ქვეყანა აწერს, მიზნად ისახავს ბირთვული იარაღის გავრცელების თავიდან არიდებას.

მოსკოვმა გააპროტესტა შეთანხმების პუნქტი უკრაინაში ზაპორიჟიეს ელექტროსადგურზე კონტროლის შესახებ, რომელშიც საუბარია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის კომპეტენტური ორგანოების მიერ ბირთვული ობიექტების კონტროლის უზრუნველყოფას. 

რუსეთის საგარეო უწყების იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იგორ ვიშნევეცკი ამბობს, რომ ტექსტთან დაკავშირებით წინააღმდეგობა სხვა დელეგაციებსაც ჰქონდათ. რუსული მხარის განცხადებით, ტექსტის ნაწილი ღიად პოლიტიკური ხასიათისაა.

"სრულიად არ ვეთანხმები, რომ ტექსტთან დაკავშირებით წინააღმდეგობა მხოლოდ ერთ დელეგაციას აქვს. ბევრ სხვა დელეგაციასაც აქვს პროტესტი. ჩვენი დელეგაცია მზად არის კონსტრუქციულად იმუშაოს. თუ ასეთი სურვილი არსებობს, ჩვენ მზად ვართ, უფრო დიდხანს ვისხდეთ აქ და ვეცადოთ, მაინც გამოვნახოთ საერთო ენა. ვიმეორებ დელეგაციებს არ შეუძლიათ მიიღონ პროექტი, რომელიც იყო წარდგენილი. ჩვენ ასე ვხედავთ სიტუაციას. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტზე კონსენსუსი არ არსებობს, ბევრი დელეგაცია, რომლებიც კონფერენციაში მონაწილეობენ, ვერ შეთანხმდნენ მთელ რიგ საკითხებზე, რომლებიც იყო ასახული ამ დოკუმენტის პროექტში," - განაცხადა იგორ ვიშნევეცკიმ.

აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში ადამ შაინმანმა განაცხადა, რომ რუსეთი არის ის, ვისი ომიც უკრაინასა და მის მოსახლეობას რადიოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს.

"კოლეგებო, რუსეთი არის მიზეზი, რის გამოც დღეს არ გვაქვს კონსენსუსი. ბოლო წუთის ცვლილება, რომელსაც რუსეთი ცდილობდა, არ იყო უმნიშვნელო. მათი მიზანი იყო, რუსეთის აშკარა განზრახვის დაფარვა - წაეშალა უკრაინა რუკიდან. მოდით ნათლად ვთქვათ, რუსეთი არის ის, ვინც ძირს უთხრის ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების სამივე საყრდენს უკრაინაში თავისი ქმედებებით. რუსეთი არის ის, ვინც შეიჭრა სუვერენულ ქვეყანაში, გაეროს წესდების დარღვევით და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ გაცემულ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც ბუდაპეშტის მემორანდუმით უკრაინას მიენიჭა. რუსეთი არის ის, ვისი ომიც უკრაინასა და მის მოსახლეობას რადიოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს. და თუ ეს ქმედებები არ არის მთავარი და რელევანტური ბირთვული გაუვრცელებლობისთვის, მაშინ მე არ ვიცი რა არის," - აღნიშნა ადამ შაინმანმა.

ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების მოქმედების განმხილველი გაეროს მეათე კონფერენციის თავმჯდომარის გუსტავო ზლაუვინენის განცხადებით, კონფერენცია აღნიშნულ საკითხს შემდეგ განხილვაზე დაუბრუნდება,

"მე ვხედავ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონფერენცია არ არის იმ პოზიციაში რომ რაიმე შეთანხმებას მივაღწიოთ. პროცედურული ანგარიშების დასასრულებლად, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ამ საკითხს შემდეგ განხილვაზე. ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების დაცვა ყველას მოვალეობაა,"- განაცხადა გუსტავო ზლაუვინენმა.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები