21 დეკემბერი 2024,   17:49
ვრცლად
სახალხო დამცველის კანდიდატთან დაკავშირებით კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ, ვიმუშავებთ, რომ მეტ-ნაკლებად მისაღები კანდიდატი იყოს არჩეული - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კომპრომისების გზით კონსენსუსამდე უნდა მივიდნენ და მისივე თქმით, იმუშავებენ, რათა მისაღები კანდიდატი იყოს არჩეული.

"ოპოზიციის ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა მოთხოვნა იყო, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი იყოს ინკლუზიური და მაქსიმალურად გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა. მათი დიდი ნაწილი ამბობდა იმასაც, რომ რეგლამენტის შესაბამისად, წარმდგენი უნდა იყოს პოლიტიკური სუბიექტი - ფრაქცია ან პოლიტიკური ჯგუფი. ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებს მოვისმენ და ხვალ დღის ბოლომდე ჩვენეულ ხედვას გაგაცნობთ, რომ პროცესი პროცესისთვის არ იყოს.

შედეგზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ, რათა ყველა პუნქტის შესრულება უზრუნველვყოთ. რისკები უნდა გამოვრიცხოთ, რაც არა მხოლოდ მმართველ გუნდზეა დამოკიდებული. გულწრფელად რომ გითხრათ, ოპოზიციის ამ ნაწილთან პროცედურებზე უფრო მარტივად შეიძლება, შევთანხმდეთ, ვიდრე კანდიდატებზე. ასე მარტივად ეს შეიძლება, ვერ მოხდეს. მათ განსხვავებული აზრი და დამოკიდებულება აქვთ. „ევროპელი სოციალისტები“ ამბობდნენ, რომ წინა შემთხვევა უნდა გამოირიცხოს. წინა შემთხვევად მიაჩნიათ ის, რომ სახალხო დამცველად პირდაპირ „ნაცი“ დავსვით და ასეთი არ უნდა დაგვემართოს. სხვები სხვაგვარად თვლიან. შეიძლება, კანდიდატებზე უფრო მეტი პრობლემა შეგხვდეს, კომპრომისების გზით კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ. ვიმუშავებთ, რომ მეტ-ნაკლებად მისაღები კანდიდატი იყოს არჩეული," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები