21 დეკემბერი 2024,   17:54
ვრცლად
ჩვენი ოპონენტების აზრიც იყო, რომ მაქსიმალურად იყოს NGO სექტორი ჩართული, მაგრამ გადაწყვეტილება არ იყოს გადანდობილი მათზე - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციონერთა შორის იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა მათი ძირითადი მოთხოვნაა, სახალხო დამცველის არჩევის პროცესი იყოს ინკლუზიური და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მასში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროცესში არასამთავრობო სექტორის მაქსიმალური ჩართულობის ხარისხთან დაკავშირებით უმრავლესობა იმსჯელებს და მათი პოზიციაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი:

"იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დღეს ოპოზიციის მხრიდან ესწრებოდნენ შეხვედრას, მათ შორისაც იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა მათი ძირითადი მოთხოვნაა, სახალხო დამცველის არჩევის პროცესი იყოს ინკლუზიური და მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მასში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობა.

თუმცა აქვე, მათი დიდი ნაწილი ამბობდა იმასაც, რომ პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად სახალხო დამცველის კანდიდატურის წარმდგენი უნდა იყოს პოლიტიკური სუბიექტი - ფრაქცია ან პოლიტიკური ჯგუფი. ჩვენი ოპონენტების აზრიც ეს იყო, რომ მაქსიმალურად იყოს ენჯეო სექტორი ჩართული, მაგრამ გადაწყვეტილება არ იყოს გადანდობილი მათზე. სამართლებრივი პრინციპი, რაც არის ქართულ კანონმდებლობაში დღეს, არ დაირღვეს.

გუნდის აზრს არ გეუბნებით, ჩემი პირადი აზრია, არც მე მიმაჩნია, რომ ასეთი მაღალი კომპეტენცია უნდა მივანიჭოთ და კონსტიტუციური და სამართლებრივი პრინციპები უნდა ამოვაყირავოთ, ვიღაცა ერთმა ენჯეოშნიკმა წარმოადგინოს კანდიდატურა და ჩვენ ამას მხარი დავუჭიროთ, ისე რომ არც განვიხილოთ. ეს სიგიჟე და წარმოუდგენელი ამბავია. მაგრამ მათი მაქსიმალური ჩართულობის ხარისხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ და ხვალ მოგახსენებთ გადაწყვეტილების შესახებ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები