21 დეკემბერი 2024,   17:42
ვრცლად
ევროკავშირის დავალება - შესასრულებელია 12 პუნქტი, რომელთაგან შეთანხმება ჯერჯერობით არცერთზე არ არის მიღწეული

ევროკავშირის დავალება - შესასრულებელია 12 პუნქტი, რომელთაგანაც შეთანხმება ჯერჯერობით არცერთზე არ არის მიღწეული. მათ შორის არც სახალხო დამცველზე, რომელიც წლის ბოლოს უნდა შეიცვალოს.

დიდი ალბათობით მმართველ პარტიას და ოპოზიციას საერთო კანდიდატი არ ეყოლებათ. არადა ახალ ომბუდსმენს დასამტკიცებლად 90 ხმა სჭირდება. ეს რაოდენობა კი, დამოუკიდებლად არც "ოცნებას" და არც მის ოპონენტებს არ აქვთ.

თუმცა, ვიდრე საქმე კონკრეტულ გვარებამდე მივა, დეპუტატებს ომბუდსმენის შერჩევის წესი აქვთ გასარკვევი. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ არცერთი ძალა არ სხდება ერთმანეთის გვერდით.

პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებელი", "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო", შეხვედრას აღარ დაესწრნენ. იყო თუ არა გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი კონკრეტული ფორმატი, რომელიც ოპოზიციისთვის მანამდე მისაღები იყო, ამაზე კონსტულტაციების შემდეგ არაფერი უთქვამთ. მეტიც, პარტიების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ მათ კოლეგებს ამ საკითხზე სათანადო ინფორმაცია არ ჰქონდათ. უარის არგუმენტად ისევ უმრავლესობის მიმართ უნდობლობა დაასახელეს. თქვეს, რომ ენდობიან მესამე სექტორს და ომბუდსმენის კანდიდატად სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატს წარადგენენ.

"ქართული ოცნების" ინფორმაციით კი, ოპოზიციის კონსულტაციებამდე დადასტურებულად იყო ცნობილი, რომ ნაწილი სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას აპირებდა. მაგალითად "ნაციონალური მოძრაობა". შეცვლილი პოზიცია უმრავლესობისთვის იმის დადასტურებაა, რომ კონკრეტულ პარტიებს რეკომენდაციების შესრულება არ სურთ, ყოველ შემთხვევაში "ქართული ოცნების" პირობებში - ამასთან დაკავშირებით დღეს მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ ისაუბრა, რომელიც ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებით პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდა.

პარტიების უარი არ მოსწონთ მათ კოლეგებსაც. ოპოზიციის მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ომბუდსმენის შერჩევის პროცესში პოლიტიკური პლურალიზმი და პარტიული პასუხისმგებლობაა საჭირო. როგორ უნდა გახდეს კანდიდატის არჩევა მეტად ინკლუზიური - პოლიტიკური ჯგუფები უმრავლესობასთან ერთად ამაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

ომბუდსმენის კანდიდატურებზე დღევანდელ ფორმატში არ უმსჯელიათ. როგორც უმრავლესობაში განმარტეს, პირველ ეტაპზე ჯერ შერჩევის პროცედურები უნდა შეთანხმდეს, რაზეც ისინი ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრასაც გეგმავენ. სწორედ ამის შემდეგ გაახმოვანებს მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციას - საჭიროებს თუ არა მოქმედი კანონმდებლობა ცვლილებებს.

რა ხედვა აქვს მმართველ გუნდს - გეგმას ომბუდსმენის შერჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობა 1-ელ სექტემბერს წარადგენს. მანამდე მათ მესამე სექტორის წარმომადგენლებს უნდა მოუსმინონ, რომლებიც კანდიდატების შესარჩევად კონსულტაციებს დამოუკიდებლად მართავენ. ომბუდსმენის ასარჩევად 90 სადეპუტატო ხმა არის საჭირო. ახალ სახალხო დამცველად დამოუკიდებელი კანდიდატის დანიშვნა გამჭვირვალე პროცედურებით ევროკომისიის ბოლო, მე-12 რეკომენდაციაა.


დღის ამბები