26 აპრილი 2024,   10:14
ვრცლად
"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სხვა რომელიმე ქვეყანაში გავრცელება აშშ-ს არავითარ შემთხვევაში არ სურს" - სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სხვა რომელიმე ქვეყანაში გავრცელება შეერთებულ შტატებს არავითარ შემთხვევაში არ სურს" - ამის შესახებ "კურიერთან" ინტერვიუში ევროპის და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კარენ დონფრიდმა განაცხადა. ამერიკის ადმინისტრაციამ დღეს ასევე კიდევ ერთხელ უპასუხა ბელარუსის ლიდერის პროვოკაციულ ნაბიჯს, როდესაც ის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელს შეხვდა.

"კურიერთან" საუბარში, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ამჯერადაც დაადასტურა ამერიკის მტკიცე ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა მკაფიოდ განვმარტო, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პატივს სცემს. რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ნათელი და უცვლელია და გავაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული მისი ვალდებულებები შეასრულოს.

ასევე მინდა მკაფიოდ განვმარტო, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვსურს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, სხვა რომელიმე ქვეყანაში გავრცელდეს. გვესმის საქართველოს წუხილი მის მოწყვლადობასთან დაკავშირებით. საქართველო ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. მქონდა პატივი ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თქვენს საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვედროდი. სხვა მაღალჩინოსნებს პატივი ჰქონდათ, პრემიერ-მინისტრს შეხვედროდნენ. ჩვენი ურთიერთობა ღრმა და მნიშვნელოვანია და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას," - განაცხადა დონფრიდმა.

"კურიერი" სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ანექსიის შესახებაც ესაუბრა. ასევე, ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, კრემლის მუქარის თაობაზე.

ინტერვიუში კარენ დონფრიდმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

"ჩვენ არასოდეს ვცნობთ ამ ტერიტორიებს რამედ, გარდა უკრაინის სუვერენული ტერიტორიებისა. ჩვენ აქ ვდგავართ უკრანისთვის რათა პირველ რიგში, დავეხმაროთ, საკუთარი თავი დაიცვას რუსეთის არაპროვოცირებული, სასტიკი შეჭრისგან. ასევე იმ ძირითადი პრინციპებისთვის, რომლებიც გაეროს ქარტიაშია და მსოფლიოს ყველა ქვეყანა ეყრდნობა. ეს პრინციპებია სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თითოეული ქვეყნის არჩევანი. თქვენ, საქართველოში, საკუთარი გამოცდილებით, ეს განსაკუთრებით კარგად გესმით. შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის პასუხისმგებლობისთვის მაშინვე გამოაცხადა სანქციათა ახალი პაკეტის შესახებ და ასევე მოქმედებას გაეროში ვაგრძელებთ.

წელს, იანვარში, მსოფლიოს ხუთი ბირთვული სახელმწიფო ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმდა. მათ შორის რუსეთი და შეერთებული შტატები იყვნენ. ნება მომეცით, ერთი ნაწილი წაგკითხოთ: "ჩვენ ვადასტურებთ, რომ ბირთვული ომი მოგებული ვერ იქნება და არასდროს უნდა იწარმოოს". ჩვენ კვლავაც გვჯერა იმ სიტყვების, რომლებზეც რუსეთთან იანვარში შევთანხმდით და პირდაპირები ვართ რუს თანამოსაუბრეებთან, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენებას, ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება. ვიმედოვნებთ, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება არ აქვს ჩაფიქრებული," - ამბობს დონფრიდმა.

"კურიერთან" ინტერვიუში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულებას, საქართველოში რეფორმების გაგრძელების და ამ თვალსაზრისით ამერიკის დახმარების მნიშვნელობას, რათა ალიანსთან მიერთების დროს საქართველო ძლიერი და დემოკრატიული იყოს.

დღის ამბები