19 მაისი 2024,   19:33
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება უნივერსიტეტის პირველ კორპუსში - რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დღეს სტუდენტების პროტესტის ფონზე დაიწყო

ხმაური და დაპირისპირება უნივერსიტეტის პირველ კორპუსში - რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დღეს სტუდენტების პროტესტის ფონზე დაიწყო. ისინი არჩევნებზე დასწრებას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც დაცვის სამსახურმა არ მისცა.

ხმაურით შეხვდნენ სტუდენტები აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებასაც. შეძახილებით გააპროტესტეს თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშიას არჩევა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობა სამუშიამ 6 თვის ვადით ჩაიბარა. კონკურსში ის ერთადერთი კანდიდატი იყო. არჩევნები ფარული კენჭისყრის პრინციპით ჩატარდა და მასში აკადემიური საბჭოს 30 წევრი მონაწილეობდა, ოცდარვამ სამუშიას მხარი ერთხმად დაუჭირა, 2 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა.

სტუდენტების ნაწილი მორიგ საპროტესტო აქციებს აანონსებს. ამბობენ, რომ დღევანდელი არჩევნები ფორმალურად ჩატარდა და შედეგიც არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს.

სტუდენტების მოთხოვნებს მალევე უპასუხა ადრესატმა. ჯაბა სამუშია ამბობს, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე ისაუბროს. სამუშიამ არც ის გამორიცხა რომ ვადის ამოწურვის შემდეგ რექტორის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.

უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მას შემდეგ ჩაინიშნა რაც გიორგი შარვაშიძემ დაკავებული თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.

დღის ამბები