03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
52 წლის მამაკაცი გამტაცებლების მიერ წამების შედეგად გარდაიცვალა

გალის რაიონის სოფელ ბარღებში 2 დღის განმავლობაში ფულის გამოძალვის მიზნით 3 ადამიანი გაიტაცეს. ერთ-ერთი მათგანი, 52 წლის ემზარ ეთერია გვიან ღამით, ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას თავის არეში ავტომატის კონდახით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და სასტიკად  ნაწამები იყო.

ეთერიას თავს რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში დაესხნენ. გამტაცებლებმა მას ფული ადგილზე გამოსძალეს, რის შემდეგაც დამატებითი თანხის მოთხოვნით ბავშვის წამებით იმუქრებოდნენ, საბოლოოდ კი ოჯახის უფროსი წაიყვანეს და ეთერიებს გამოსასყიდის სახით 30 ათასი ლარი მოსთხოვეს.

ემზარ  ეთერია დამნაშავეებმა 9 ათასი ლარის გამოძალვის შემდეგ უგონო მდგომარეობაში სოფლის შესასვლელთან დატოვეს. ოჯახმა ის ზუგდიდში გამოიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ამავე სოფლიდან ეთერიას გატაცების მეორე დღეს ფულის გამოძალვის მიზნით კიდევ 2 პირი გაიტაცეს, ერთ-ერთი მათგანი 11 ათასი ლარის სანაცვლოდ რამდენიმე საათის წინ უკვე გაანთავისუფლეს, მეორე ოჯახი კი გამტაცებლების მხრიდან ამ დრომდე გამოსასყიდის დასახელების მოლოდინშია.

გალის რაიონიდან ამ დღეებში კიდევ 3 ადამიანის გატაცება მოხდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 

დღის ამბები