03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოში მოსახლეობა დააზარალა

ადიდებულმა მდინარე შუაღელემ 45 წლის მამაკაცი, სოფელ ციხისძირში გაიტაცა. მას ამ დრომდე ეძებენ. უბედურ შემთხვევის ერთადერთი მოწმე გაუჩინარებული ზაურ ჯაბნიძის ძმაა. სამაშველო ბრიგადები სანაპირო ზოლში მუშაობენ, თუმცა იმის გამო, რომ წყალი ადიდებულია, მდინარის სიღრმეში შესვლას ვერ ახერხებენ.

ასობით ადამიანი დღეს დახმარებას ითხოვდა ბათუმშიც. ძლიერი წვიმის გამო ქუჩაში წყლის ნიაღვარი წამოვიდა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

სტიქიის შედეგად განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ბათუმში, თავდადებულის ქუჩაზე შეიქმნა, სადაც მოძრაობა ამ დრომდე პარალიზებულია. მოძველებულ სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემას წყლის გატარება უჭირს. სპეციალისტები წყლის დონის დაწევას ელოდებიან, იმავე მიზეზით სახლებიდან წყლის ამოტუმბვა ვერ ხერხდება.

რთული ვითარებაა მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩებზეც, სადაც დილიდან მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურების სპეციალური ტექნიკა.

გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა ე.წ. ”ოცნების ქალაქის” მოსახლეობასაც. ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე ჩასახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახები დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვენ.

უამინდობამ აჭარასთან ერთად იმერეთიც დააზარალა. გადაუღებელი წვიმების გამო დაიტბორა სამტრედიის რაიონის 5 სოფელი. წყალმა დაფარა ადგილობრივი მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები და საკარმიდამო ნაკვეთები. დახოცილია შინაური ფრინველი. სტიქიით მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის.

რამდენიმე საათის განმავლობაში მძიმე ტექნიკა მობილიზებული იყო რაჭაში ნაქერალას უღელტეხილის ტერიტორიაზე. წუხელ გვიან ღამით დაწყებულმა თოვამ დილიდან ავტომობილების გადაადგილების შეფერხება გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები