14 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
"3 მილიარდის დამხარჯველი, ქველმოქმედი ადამიანი უნდა დაისაჯოს და კაცი, რომელმაც 3 მილიარდი მოიპარა და ასეულობით ადამიანი მოკლა უნდა გათავისუფლდეს, ეს ხომ სირცხვილია" - ირაკლი კობახიძე

მიკერძოებული და არაობიექტური - ასეთი შეფასება მოყვა სტრასბურგში მიღებულ რეზოლუციას მმართველი გუნდის მხრიდან. "ოცნება" არასერიოზულად აღიქვამს განსაკუთრებით იმ შესწორებებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის სანქციების დათქმით დაწესებას ეხება.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ რეზოლუციაში ხშირად არის გამოყენებული სიტყვა "სავარაუდოდ", რაც მისი თქმით ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ სერიოზულ დაწესებულებას როგორიც ევროპარლამენტია ვარაუდებზე უწევს საუბარი.

"გაიმეორეს ის ჩანაწერები ფაქტობრივად, რაც წინა რეზოლუციაში იყო და დაამატეს, რომ თუ დადგინდაო სავარაუდო კავშირებიო, სავარაუდოდო, რამდენჯერმე იხმარეს ეს სიტყვა - სავარაუდო, მაშინო უნდა დაედოსო სანქციები ბატონ ბიძინა ივანიშვილსო. ძალიან სამწუხაროა, რომ ვარაუდებზე უწევს ასეთ სერიოზულ დაწესებულებას საუბარი როგორიც ევროპარლამენტია, ვერავითარ კავშირებს ვერავინ ვერ დაადგენს იმიტომ, რომ ასეთი კავშირი ბუნებაში არ არსებობს. ეს დაწესებულება ერთი ხელით ჩვენ მოგვიწოდებს, რომ პოლარიზაცია შევამციროთ და ნულამდე დავიყვანოთ, და მეორე ხელით, პირდაპირ ჯგუფი ანგაჟირებული დეპუტატებისა, რომლებიც გუშინ კრიმინალი სააკაშვილის პლაკატებს და სურათებს აფრიალებდნენ ევროპარლამენტში, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქ პოლარიზაცია გაღრმავდეს," - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები კონკრეტულ შეფასებებს ვერ იძლევიან.

"ფაქტებს ვერ ხსნიან და კონკრეტულ შეფასებებს ვერ იძლევიან ამასთან დაკავშირებით და ამიტომ უწევთ რაღაცა ნონსენსის მოფიქრება, მაგალითად როგორიც არის რაღაცის განპირობება, აუხსნელი ვარაუდების გამოთქმა და ა.შ. ბატონი გლუკსმანი მაგალითად, მისი კავშირები პირადად სააკაშვილთან როგორი იყო და მისი სახელი და გვარი რომ ბევრგან ფიგურირებს ისეთ საქმეებში, როდესაც პირად კონტაქტებს და არამარტო, ძალიან ახლო ურთიერთობებსა და კავშირებს გულისხმობს, ეს მემგონი არავისთვის დაფარული ამბავი არ არის. ასეთი ვიწრო პარტიული მიდგომებისგან როგორც ჩანს თავისუფალი არც ევროპარლამენტია და როგორც ჩანს იქაც აქა-იქ იჩენს თავს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას უღირს განცხადებას უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სირცხვილია ის, რასაც ქართველი მაყურებელი ისმენს ევროპიდან.

"გლუკსმანი შეიძლება იყოს ევროპის სახე, ან კუბილიუსი, ან რასა, ფონკრამონი ან ვინმე სხვა? ხო არ არიან ესენი ევროპის სახე, ეს ხომ აბსოლუტურად უღირსი განცხადებებია. ერთ მხარეს არის 3 მილიარდის დამხარჯველი, ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც უნდა დაისაჯოს და აქეთ არის კაცი, რომელმაც 3 მილიარდი და მეტი მოიპარა და რომელმაც ასეულობით ადამიანი ყოველწლიურად მოკლა, და ეს უნდა გათავისუფლდეს. ეს ხომ სირცხვილია, ამას ხომ საზოგადოება უყურებს. უბედურებაა ამას რომ ისმენს ევროპიდან ქართველი მაყურებელი. როგორ შეიძლება ამაზე არ ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია ადამიანს, წარმოუდგენელია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ოცნებისგან" განსხვავებით ოპოზიცია რეზოლუციის შინაარსს იმ შეცდომების ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევს, რომელსაც ხელისუფლება უშვებს.  

"ქვეყანას ახლა სჭირდება ევროპარლამენტის და ევროკომისიის დადებითი დასკვნები და რეკომენდაციები, მაგრამ ევროპას ამის საშუალება უნდა მივცეთ ჩვენ, ისინი ტყუილს არ იტყვიან, ისინი ლაპარაკობენ სიმართლეს. კარგ რეზოლუციას მოიტანს კარგი მთავრობა, ცუდ მთავრობას გვაქვს ცუდი რეზოლუცია. პროცესი სანქციებთან დაკავშირებით მიდის ლოგიკური გზით,"-  განაცხადა  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. დეპუტატები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. ევროპის საბჭოს კი სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, თუ დადასტურდება უკრაინის ბრალდება მისი რუსეთთან კავშირების შესახებ.

რეზოლუციის კიდევ ერთი ადრესატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მას სთხოვენ, "გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება" მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებად და ასევე შეიწყალოს ნიკა გვარამია.

ევროპარლამენტის 608 დეპუტატიდან, რეზოლუციას მხარი 430-მა დაუჭირა, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტმა რეზოლუციას კენჭი შესწორებებით უყარა, საიდანაც ნაწილს მხარი დაუჭირა, ნაწილს კი არა.

დღის ამბები