26 აპრილი 2024,   17:12
ვრცლად
აფთიაქებში 800-მდე დასახელების გაიაფებული მედიკამენტი უკვე გაყიდვაშია - პირველ ეტაპზე პრიორიტეტულია ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების პრეპარატები

აფთიაქებში 800-მდე დასახელების გაიაფებული მედიკამენტი უკვე გაყიდვაშია. ფარმაცევტულ კომპანიებს ფასები განესაზღვრათ. პირველ ეტაპზე პრიორიტეტულია ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების პრეპარატები. რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40 პროცენტით შემცირდა.

რეფერენტული ფასი ეტაპობრივად სხვა პრეპარატებზეც განისაზღვრება. წამლის რეალიზაციის პროცესს მარეგულირებელი ონლაინ რეჟიმში აკვირდება. დარღვევის შემთხვევაში ფარმაცევტულ კომპანიებს სანქციები დაეკისრებათ. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.

ფარმაცევტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ მედიკამენტების მომწოდებლებთან კომუნიკაცია ამ დრომდე გრძელდება. სააფთიაქო ბაზრის წარმომადგენლების თქმით, რეფორმის შედეგად გარკვეულ წამლებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება.

სპეციალისტების შეფასებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მოსახლეობა წამლებზე წლიურად 200 მილიონამდე ლარს დაზოგავს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ახალ რეფორმას სოციალურთან ერთად ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების ამოცანაც აქვს.

პრემიერის ინიციატივით ფარმაცევტული კუთხით უკვე რამდენიმე რეფორმა განხორციელდა. ხელმისაწვდომი გახდა თურქეთიდან იმპორტირებული ასობით დასახელების მედიკამენტი, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. შედეგად, წამლის ფასები 60-80 პროცენტამდე შემცირდა. რეფერენტული ფასით კი, პრეპარატები 40%-ით გაიაფდა. რეფორმის შედეგად მოსახლეობამ 2022 წელს 80 მილიონ ლარამდე დაზოგა, 2023 წელს კი ეკონომია 200 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

დღის ამბები