03 მაისი 2024,   15:55
ვრცლად
2023 წელს, ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება- პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება, 49%-ზე კი პოტენციური ინვესტორის მოსაწვევად, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება

სახელმწიფო 2023 წელს, ანაკლიის პორტის მშენებლობას იწყებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება, 49%-ზე კი საერთაშორისო ტენდერი პოტენციური ინვესტორის მოსაწვევად გამოცხადდება.ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე პრემიერმა მთავრობის ბოლო სხდომაზე ისაუბრა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადდა, გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო, რომლის სხდომაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო, გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.

ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია. ეს იქნება ინსტიტუციური, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებში, ერთობლივი კომპანია უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების მოზიდვას, ასევე, ბოლომდე მიიყვანს პორტის სამშენებლო სამუშაოებს და ოპერირებას დაიწყებს.

ანაკლიის პორტის მშენებლობა სტრატეგიული პროექტია საქართველოსთვის - სწორედ ამ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას ანალიტიკოსები. მათი შეფასებით პორტის ფუნქციონირება გააძლიერებს რეგიონში ენერგო და ტვირთის გამტარი დერეფნის სტატუსს.

სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის დეკემბერში მიიღო.

დღის ამბები