28 აპრილი 2024,   20:58
ვრცლად
როგორ შეიცვალა მსოფლიო 1 წელიწადში - დასავლეთმა უკრაინის მომარაგება ჯერ ძველი საბჭოთა მარაგებიდან დაიწყო, დღეს კი უკრაინას უკვე საჰაერო თავდაცვა აქვს

როგორ შეიცვალა მსოფლიო ერთ წელიწადში - ორი მიმართულება: სამხედრო და პოლიტიკურ-ეკონომიკური. თავდაპირველად უკრაინას გერმანია ჩაფხუტებს უგზავნიდა. დღეს კი ბერლინი უკვე ყველაზე თანამედროვე ტანკების, "ლეოპარდების" გადაცემაზეა თანახმა.

დასავლეთმა უკრაინის მომარაგება ჯერ ძველი საბჭოთა მარაგებიდან დაიწყო. დღეს კი, უკრაინას უკვე აქვს საჰაერო თავდაცვა, მძიმე შეიარაღება და არტილერია. ახლა მსოფლიო კიევისთვის უკვე შორი მანძილის სარაკეტო სისტემის გადაცემაზე ფიქრობს.

ევროპაში ომი დაბრუნდა - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონტინენტზე კვლავ გაისმა განგაშის სიგნალი. მსოფლიო დარწმუნდა, რომ პუტინი უკან არ დაიხევს.

დასავლეთი რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას კარდინალურად ცვლის. ლიდერები თანხმდებიან, რომ პუტინი მხოლოდ ერთი ქვეყნის საფრთხე არ არის. უსაფრთხოდ აღარავინ გრძნობს თავს. უკრაინისკენ ნასროლი რაკეტები და მისი ნამსხვრევები პოლონეთამდე, მოლდოვამდე აღწევს.

კაცობრიობა ბირთვული საფრთხის წინაშე დგება. კარიბის კრიზისიდან ზუსტად 60 წლის შემდეგ საზოგადოება იმაზე იწყებს ფიქრს, რა მოხდება მუქარა თუ შესრულდა. რა იქნება საპასუხო რეაქცია? რა იქნება შემდეგ?

საფრთხის ფონზე ევროპა თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის. ქვეყნები სამხედრო ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას იწყებენ. თუ აქამდე NATO-ს წევრი სახელმწიფოები თავდაცვის ბიუჯეტზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის მობილიზებაზე ბოლომდე ვერ თანხმდებოდნენ, ახლა ეს პროგრამა მინიმუმად იქცა. ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ვიგებთ, რომ გერმანია ბიუჯეტს 100 მილიარდი ევროთი ზრდის. მაკრონის გეგმით კი საფრანგეთი მომდევნო წლებში სწორებას 413 მილიარდზე აკეთებს. ლონდონის, ბერლინისა და პარიზის კვალდაკვალ თავდაცვის ბიუჯეტს აორმაგებს პოლონეთი და იაპონიაც კი. საფრთხე კონტინენტს გასცდა.

ორ ბლოკად დაყოფილ მსოფლიოში ხდება დიპლომატიური გარღვევებიც - გერმანია და საფრანგეთი აქამდე წარმოუდგენელ ნაბიჯებზე მიდიან და უკრაინის შეიარაღებას მწვანე შუქს უნთებენ. ტანკები, საბრძოლო მასალა, ანტისატანკო თუ სარაკეტო სისტემები კიევში დასავლეთიდან გამარტივებული გზებით ჩადის. სამხედრო ტრანსფერებს ამარტივებს შტატებიც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ქვეყნის პრეზიდენტი "ლენდ ლიზის" პროგრამას აწერს ხელს, რაც უკრაინის დასახმარებლად ყოველგვარ ბიუროკრატიულ ბარიერს აქრობს. ალიანსი პრაქტიკულად უკონტაქტო ომში შედის რუსეთთან.

NATO ფართოვდება - შვედეთი და ფინეთი ალიანსის წევრობას ითხოვენ. რუსეთს სურდა ნაკლები NATO და მიიღო მეტი. მოლაპარაკებები იწყება. პუტინის აგრესიამ ქვეყნებს უარი ათქმევინა სამხედრო ნეიტრალიტეტზე. დებატები შვეიცარიაშიც კი დაიწყო, სადაც ომის დაწყებიდან 5 თვეში ნეიტრალიტეტის მხარდამჭერთა რიცხვი 97%-დან 89%-მდე შემცირდა.

გეოპოლიტიკური ძვრების ყველაზე საკვანძო საკითხი კი ენერგეტიკაზე გადის. ევროპა ბოლოს და ბოლოს რუსული გაზის ტყვეობიდან თავის დაღწევას იწყებს და კრემლზე ენერგოდამოკიდებულებას კარდინალურად ამცირებს. თუ 2021 წელს კონტინენტი მისთვის საჭირო გაზის 40%-ს სწორედ რუსეთიდან იღებდა, უკვე 2022 წლის ბოლოსთვის რიცხვი 13%-მდე დაეცა. ევროპელები ენერგიის დაზოგვას და მარაგების შევსებას იწყებენ. რუსეთი ბრაზობს და გაზს საერთოდ კეტავს. ევროპაში წესდება ზედა ზღვარი რუსულ ნავთობზე, ბუნებრივ აირზე. რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების ფარგლებში ამერიკასთან ერთად, ახლა უკვე ევროპაც აკისრებს ემბარგოს რუსულ წიაღისეულებს. ევროპელები ზრდიან გათხევადებული გაზის გამოყენებას, მთავარი მიმწოდებელი შტატები ხდება. იწყება შესაბამისი ტერმინალების მშენებლობა. ბრიუსელი ეძებს ახალ პარტნიორებს სპარსეთის ყურის ქვეყნებშიც. იწყება ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაცია - მზისა და ქარის, მწვანე, განახლებადი ენერგია პრიორიტეტული ხდება.

შედეგებმა არ დააყოვნა. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკაზე დაკისრებული სანქციების ფონზე დასავლეთი ეკონომიკური კრიზისის წინაშე თავადაც დგება. ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. იზრდება ფასები სურსათზე, პიკს აღწევს საწვავის ფასი, შესაბამისად ელექტრომანქანების შესყიდვებიც. ევროპაში უკმაყოფილებაა, რუსეთთან ერთად სანქციები მათაც აზიანებთ, მაგრამ საკითხი პრინციპულია, ამიტომ გეგმა უცვლელი რჩება, ევროპელები ძალისხმევას ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისის შემსუბუქებაზე მიმართავენ.

მაღალი ფასი ენერგეტიკაზე, მიწოდების ჯაჭვის შეფერხება, სასუქის ფასების ზრდა - გლობალური მასშტაბით სასურსათო კრიზისს იწვევს - ყველაფერთან ერთად, შავ ზღვაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე ხორბლით დატვირთული ხომალდები ფერხდება. რუსეთი და უკრაინა,როგორც ყველაზე დიდი ექსპორტიორები ახლა ომში არიან ჩაბმული - გარკვეულ ეტაპზე ფერხდება წარმოებაც და მოწოდებაც. შედეგად - სასურსათო კრიზისის რისკი მატულობს ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. თურქეთისა და გაეროს ჩართულობით სიტუაცია განიმუხტა, თუმცა რუსეთის მხრიდან სურსათით შანტაჟის საფრთხე არსად გამქრალა.

ყველაფერთან ერთად მსოფლიოს დასავლური ნაწილი მიგრანტების ახალ ტალღას იღებს. 8 მილიონზე მეტმა უკრაინელმა მეზობელ ქვეყნებს შეაფარეს თავი. განსაკუთრებული ნაკადი პოლონეთზე, ესტონეთზე, რუმინეთსა და უკრაინის სხვა მეზობლებზე მოდის. ევროპა მიგრანტებისთვის განკუთვნილ რეგულაციებს სპეციალურად უკრაინელებისთვის ამსუბუქებს. მოქალაქეობის, მუშაობის უფლება, ჯანდაცვის სისტემაზე, სკოლებსა და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობა მარტივდება. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ მილიონამდე ახალგაზრდამ დატოვა რუსეთიც, რომელიც ევროპასა და მეზობელ ქვეყნებს მიაწყდა, რასაც ეკონომიკური და სოციალური ეფექტი ჰქონდა.

მთავარი, რაც რუსეთის აგრესიამ მსოფლიოში შეცვალა - ცნობიერებაა, რომელზეც გავლენა კრიზისებმა, გეოპოლიტიკურმა ძვრებმა, დიდმა გარდატეხებმა მოახდინა. უკრაინის ომიდან 1 წლის თავზე მსოფლიო ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორც აქამდე. სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ ახალი მსოფლიო წესრიგი სწორედ ახლა ფორმირდება. თანამედროვე მსოფლიო ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება.

დღის ამბები