13 მაისი 2024,   06:05
ვრცლად
ომის 382- ე დღე უკრაინაში- შეიცვლება თუ არა ზამთრის დასრულებასთან ერთად საომარი ვითარება, რას ამბობენ ექსპერტები 

ომის 382- ე დღე უკრაინაში. ზამთრის დასრულებასთან ერთად შესაძლოა უკრაინაში ვითარება შეიცვალოს. "სიმშვიდე დიდი ქარიშხლის წინ" - ამ სათაურით აქვეყნებენ სტატიებს სამხედრო თემებზე მომუშავე გამოცემები. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინა მასშტაბური კონტრშეტევისთვის ემზადება. ბოლო რამდენიმე კვირაა ფრონტის ხაზი პრაქტიკულად გაყინულია. ჯერ კიდევ ზამთარში საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ გაზაფხულზე უკრაინა დიდ შეტევას წამოიწყებდა. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთიც გადაჯგუფებისთვის და ახალი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადებოდა. თუმცა ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვნად ფრონტის ხაზზე არაფერი იცვლება.

სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ უახლოეს კვირებში, უკრაინის მხრიდან შეიძლება ლოკალური შეტევები დაიწყოს. ბუნებრივია, მასობრივ კონტრ- შეტევას ძალიან დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალის მომზადება და ტექნიკა სჭირდება, რომელიც ბოლო პერიოდია არ განხორციელებულა, თუმცა უკრაინა ამის მოლოდინშია. უკრაინა ელის დასავლეთიდან დიდი რაოდენობით ტექნიკას და შეიარაღებას, გარდა ამისა ნატოს ბაზებზე გადამზადებულ უკრაინელ ჯარისკაცებს. ამასთან ერთად უკრაინის მეზობლად, პოლონეთში, საველე სამხედრო მომზადების ცენტრი გაიხსნა, სადაც სამხედროების გადამზადება ხდება. დასავლური მედიის ინფორმაციით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა აქტიურ კონტრშეტევაზე გადავა.

ომის 382 -ე დღეს კი საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე ლოკაციაზე ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 90-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. მათ შორის ოკუპანტების მოგერიება მოხდა - ლიმანის, ბახმუტის, ავდეეკვას, მარინკასა და შახტერსკის მიმართულებებზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 5 სარაკეტო და 12 საჰაერო დარტყმის განხორციელება შეძლეს.

ბოლო რამდენიმე თვეა  ქალაქ ბახმუტზე და იქ არსებულ ვითარებაზე მიდის საუბარი. ბახმუტს ახლა ორივე მხარისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. რუსეთის ინტერესი არ არის ინფრასტრუქტურა ან რაიმე სხვა. აქ მთავარია ამ ქალაქის დახმარებით გავიდეს სხვა ტერიტორიაზე. შესაბამისად, უკრაინა მარტივად არ აპირებს ბახმუტის დათმობას.მეტიც, ექსპერტები ფიქრობენ, რომ უკრაინა კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ქალაქის დაცვას რადგან სხვა შემთხვევაში, რუსეთი შეძლებს იერიშის განხორციელებას სხვა ქალაქების მიმართულებით, მათ შორის "ჩასივისკენ".

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთის კერძო სამხედრო გაერთიანების, "ვაგნერის“ რაზმები აკონტროლებენ ბახმუტის აღმოსავლეთს, ხოლო დასავლეთი უკრაინის ხელშია. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბახმუტში მომარაგების ხაზები სრულიად გადაჭრეს, სიცრუეა და ქალაქის დაახლოებით 60%-ს კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ, მათ შორის ადმინისტრაციულ ცენტრს.

ვითარება იძაბება უკრაინის ჩრდილო აღმოსავლეთით, ხარკოვის ოლქში. დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ხარკივის ოლქის ქალაქ კუპიანსკში სავალდებულო ევაკუაცია მიმდინარეობს. მტერი ყოველდღე ბომბავს კუპიანსკის დასახლებებს. უპირველეს ყოვლისა, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ევაკუირება ხდება. კუპიანსკის მიმართულება ახლა ამ რეგიონში ყველაზე ცხელი წერტილია, ფრონტის ხაზი აქ გადის და მტერი მუდმივად ცდილობს უკრაინული სამხედროების პოზიციებზე თავდასხმას.

რაც შეეხება ბოლო 24 საათში განვითარებულ მოვლენებს. ოკუპანტები თავს დაესხნენ დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანკს. დაზიანდა ელექტრო ქსელი და სარკინიგზო ლიანდაგი. საზენიტო რაკეტებით დაიბომბა ქალაქი ოჩაკივი. იერიშები განხორციელდა სუმის ოლქის 2 დასახლებაზე. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ რჩება.




დღის ამბები