26 აპრილი 2024,   11:25
ვრცლად
"უკრაინაში რუსეთის თავდასხმის ტემპი შენელდა" - რას ამბობენ ექსპერტები და რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე

უკრაინაში რუსეთის თავდასხმის ტემპი შენელდა - ინფორმაციას ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი ადასტურებს. ექსპერტები უკრაინის არმიის ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობიან. რუსული არმია ამჟამად ყოველდღიურად 20-დან 29 მდე სახმელეთო შეტევას ახორციელებს, მანამდე კი თავდასხმების რიცხვი 90-დან 100-მდე იყო. უკრაინული მხარე თავდასხმის ტემპის შემცირებას ოკუპანტების ადამიანური რესურსის და საბრძოლო ტექნიკის დანაკარგებით ხსნის.

უკრაინის ცნობით, რუსეთმა ბოლო მასიური დარტყმა დაახლოებით 10 დღის წინ განახორციელა, როდესაც მტერმა უკრაინას 81 რაკეტა ესროლა, მათგან 20 საზღვაო კალიბრის ტიპის რაკეტა იყო. წარმატებით მუშაობს უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა. ყოველდღიურად უკრაინელები რუსების ათობით თავდასხმას იგერიებენ.

ღამით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დიდ ქალაქებში ირანული კამიკაძე დრონები გაუშვეს. მტრის უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც კიევისკენ მიემართებოდნენ, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

საომარი მოქმედებების ეპიცენტრად კვლავ ბახმუტი რჩება. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების გეგმები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებასთან დაკავშირებით იშლება. მათ ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას ბოლო თვეებში. უკრაინა აქტიურად უწევს წინააღმდეგობას რუსულ ჯარს ამ რეგიონში. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, რუსები ცრუობენ , რომ თითქოს ბახმუტის 70ი% ოკუპირებული აქვთ.

ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს ვიზუალური მტკიცებულება რუსი ოკუპანტების ბრალდებების შესახებ ბახმუტში რამდენიმე ობიექტის ოკუპაციასთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაციამ ბახმუტის დაახლოებით 50% დაიკავა და მას შემდეგ, რუსული ძალები მნიშვნელოვან წინსვლას არ ახდენენ - როგორც ამას ომის კვლევის ინსტიტუტი წერს. ოკუპანტები ძირითადად თავს ესხმიან ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს, ასევე თავდასხმებს ახორციელებენ ვასილევკას, გრიგოროვკასა და ბოგდანოვკას დასახლებებში.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, დასავლეთი აგრძელებს უკრაინის სამხედრო ტექნიკით მოამრაგებას. NATO-ს ქვეყნებს შორის პოლონეთი იქნება პირველი, ვინც უკრაინას მიგ-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, თვითმფრინავებს, უკრაინას უახლოეს დღეებში გაუგზავნიან. პოლონეთის შემდეგ უკრაინას მიგ-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს სლოვაკეთიც გადასცემს. სლოვაკეთი უკრაინას ასევე გადასცემს "კუბ-ის" საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსულმა ძალებმა 11 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. გენშტაბში აღნიშნავენ, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ რჩება.

 

დღის ამბები