26 აპრილი 2024,   12:34
ვრცლად
ჰააგამ რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა - პუტინს 123 ქვეყანაში ჩასვლის ფაქტობრივად ყველანაირი უფლება შეეზღუდა

რუსეთის პრეზიდენტი მარიუპოლში ჩავიდა - კადრებში, რომლებსაც რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს მანქანაში მჯდომი ვლადიმერ პუტინი ჩანს, ის ავტომობილს თვითონ მართავს და ღამით ქუჩებში გადაადგილდება, ათვალიერებს სხვადასხვა შენობას, მათ შორის თეატრს, ესაუბრება მოსახლეობასაც. თუ რუსულ მედიას დავუჯერებთ პუტინი მარიუპოლში ანექსირებული ყირიმიდან ვერტმფრენით ჩაფრინდა. იმ შემთხვევაში თუ კადრები რეალურია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პუტინის პირველი ვიზიტი ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია. მარიუპოლი რუსეთს ბოლო რამდენიმე თვეა დაკავებული აქვს.

როდის ჩავიდა პუტინი უკრაინაში - ზუსტი თარიღი უცნობია. მარიუპოლი რუსეთის მიერ ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონია, საპორტო ქალაქში დატრიალებული ტრაგედია ერთ-ერთია, რის გამოც პუტინს პატიმრობა ელის.

17 მარტს ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა - პუტინს ფაქტობრივად შეეზღუდა 123 ქვეყანაში ჩასვლის ყველანაირი უფლება. ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას. მათ შორის არის საქართველოც.

დოკუმენტი არ აქვს რატიფიცირებული: რუსეთს, აშშ-ს, ჩინეთს, ინდოეთს, თურქეთს, ისრაელს, უკრაინას და სხვა რამდენიმე ქვეყანას. სასამართლოს წევრ ქვეყნებს აქვთ მისი დაკავების ვალდებულება, როგორც კი მათ საზღვარს გადაკვეთს. ეს ნიშნავს იმას, რომ პუტინი საქართველოშიც ვერ დადგამს ფეხს. ან თუ გაბედავს, ჩვენ ქვეყანასაც მისი დაუყონებლივ დაკავების უფლება აქვს.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის ტერიტორიაზე ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ერთი წლის წინ, რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე - მარტში დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი 38 ქვეყნის მიმართვა გახდა , გამოეძიათ უკრაინაში ომის დანაშაული. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2002 წლიდან რომის სტატუტის საფუძველზე მუშაობს. რუსეთს არ აქვს რატიფიცირებული რომის სტატუტი. შესაბამისად დამნაშავეს შეუძლია წლობით დაიმალოს საკუთარ ან მეგობარ ქვეყანაში. ჰააგის სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა თავად დააკავოს ბრალდებული. ეს მხოლოდ იმ ქვეყნებს შეუძლიათ, რომლებსაც რატიფიცირებული აქვთ რომის სტატუტი.

"რუსეთის ფედერაცია არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქციას და ბათილად მიიჩნევს მის გადაწყვეტილებებს" - ასეთია პირველი გამოხმაურება კრემლიდან. რუსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი ტუალეტის ქაღალდს შეადარა. "ტვიტერზე" მედვედევმა შეფასებას შესაბამისი ემოჯიც დაურთო.

საინტერესოა როგორია ჰააგის სასამართლოს ისტორია და გამოცდილება სახელმწიფო მეთაურების დაკავების შესახებ. ვლადიმერ პუტინი მესამე მოქმედი ხელმძღვანელია, რომლის დაკავების ორდერიც გასცა ჰააგის სასამართლომ. პირველი იყო ომარ ალ-ბაშირი. სუდანის პრეზიდენტი 2008 წელს ცნეს დამნაშავედ გენოციდში. მიუხედავად ამისა, სუდანის მოქმედი პრეზიდენტი თავისუფლად გადაადგილდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იმ სახელმწიფოებშიც, რომლებსაც რატიფიცირებული ჰქონდათ რომის სტატუტი. 2011 წელს კი ჰააგის სასამართლომ ლიბიის პრეზიდენტზე გასცა დაკავების ორდერი. მუამარ კადაფი დოკუმენტის გაცემიდან რამდენიმე თვეში აწამეს და მოკლეს. სასამართლოს წინაშე ის ვერ წარსდგა.

აქედან გამომდინარე უცნობია რა ელის პუტინს. თუმცა ფაქტია, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ.

ავტორები: სანდრო კაჭახიძე და ავთო გვასალია

დღის ამბები