20 მაისი 2024,   21:12
ვრცლად
ეს დანაშაულია ნიუ-იორკში, ამ დროს კი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ ხარ შენ - პროკურორი დონალდ ტრამპის საქმეზე

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლომ გაათავისუფლა, ის ახლა ფლორიდაში იმყოფება. მანამდე შტატების 45-ე პრეზიდენტს თითის ანაბეჭდები აუღეს და 34 პუნქტიანი ბრალდება წაუყენეს, რომელსაც თავად ტრამპი არ აღიარებს. ტრამპი სასამართლოში მისვლისთანავე დააკავეს. ბრალის წაყენებამდე ის ფორმალურად დააპატიმრეს.

დაკავების დროს ტრამპს ხელბორკილები არ დაადეს, რადგან ის ექს-პრეზიდენტის სტატუსით, სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გამოძიების ეპიზოდი ეხება 2016 წელს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდას, რის სანაცვლოდაც მას, სავარაუდოდ, არ უნდა გაემხილა, რომ 2006 წელს ტრამპთან ინტიმური ურთიერთობები ჰქონდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ლოს-ანჯელესის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის საქმის მთავარ ფიგურანტს, სტორმი დენიელსს ტრამპის სასარგებლოდ 122 000 დოლარის გადახდა დაავალა.

"ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს. ეს ყალბი საქმე მხოლოდ 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მიზნით აღძრეს და ეს სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. ჩვენი არჩევნები დაემსგავსა მესამე მსოფლიოს ქვეყნების არჩევნებს და ახლა ადგილი აქვს მასშტაბურ ჩარევას არჩევნებში, რაც არავის უნახავს და ამ დრომდე არ მომხდარა ამ ქვეყანაში,"- განაცხადა ტრამპმა. 

მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ელვინ ბრეგიმ განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. 

"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი იყოს. ვერც ფული და ვერც ძალაუფლება მუდმივ ამერიკულ პრინციპს ვერ შეცვლის, როცა 34 ყალბი განცხადება გაკეთდა დანაშაულებების გადასაფარად. ეს დანაშაულია ნიუ-იორკში, ამ დროს კი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ ხარ შენ. ჩვენ არ შეგვიძლია და არ მოვახდენთ სერიოზული დანაშაულებრივი ქცევის ნორმალიზებას," - განაცხადა პროკურორმა. 

მორიგი სასამართლო მოსმენა 4 დეკემბერს გაიმართება.

დღის ამბები