03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მეწყერი ჩამოწვა

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჩამოწოლილმა მეწყერმა მცენარეები დააზიანა. ბაღის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ ჩამოსულმა მიწის მასამ დააზიანა მცენარეთა კოლექციაში არსებული ეგზემპლარები. სტიქიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს უსაფრთხოების მიზნით თავი შეიკავონ ბაღის დათვალიერებისგან:

„ჭარბი ნალექის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა ბათუმის ბოტანიკური ბაღის სამხრეთ ამერიკის ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, რამაც დააზიანა მცენარეთა კოლექციაში არსებული ეგზემპლარები: ბრაზიული არაოკარია, პალმა ბუტიები, შინუსები და სხვა. მეწყერი მიახლოებულია ცენტრალურ გზასა და ბაღის სატრანსფორმატორო ქვესადგურთან. უსაფრთხოების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდათ ბაღის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებსა და ბოტანიკური ბაღის სალაროებს, სათბურებსა ადმინისტრაციულ კორპუსს.

ოპერატიულად შექმნილმა მუშაჯგუფმა შეძლო მიწისქვეშ გამავალი ძირითადი კომუნიკაციების, ელექტროსადენებისა და ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის დაცვა, ასევე მოვარდნილი ნიაღავრის დროებით კალაპოტში ჩაგდება. დაზიანებულია წყალმომარაგების მილები. ბაღის ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილზე შეინიშნება ნიადაგის მცირე ზომის ჩამოწოლები. სტიქიის ადგილი მოინახულეს ქალაქ ბათუმის ვიცე-მერებმა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები