03 მაისი 2024,   16:01
ვრცლად
პუტინი საკუთარ უსუსურობას არ იმჩნევს და სამხედროებს მადლობას უხდის - რისთვის აპირებს ბელარუსის ლიდერი "ვაგნერელების" გამოყენებას და რა ბედი ელის ყველაზე სასტიკ სამხედრო დაჯგუფებას?

24 ივნისის წარუმატებელი სამხედრო ამბოხის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი ტელეკამერებთან უკვე მეორედ გამოჩნდა. ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი რუს ჯარისკაცებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ მებრძოლთა პატრიოტიზმმა რუსეთს შიდა დაპირისპირება და ქაოსი აარიდა.

ვაგნერის წევრებს პუტინმა ამბოხში მონაწილეობა აპატია და ისინი შეცდომაში შეყვანილ პატრიოტებად მოიხსენია. მათგან განსხვავებით მეთაურებს მოღალატეები უწოდა. ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ პირველი კომენტარი 24 ივნისის მოვლენებზე რუსეთის პრეზიდენტმა გვიან ღამით გააკეთა. ევგენი პრიგოჟინის სახელი და გვარი ოკუპანტი ქვეყნის ლიდერს 6 წუთიან მიმართვაში არც ერთხელ არ უხსენებია რაც ნიშნავს, რომ ერთ დროს მის მარჯვენა ხელს პუტინი უკვე მოსისხლე მტრად მიიჩნევს.

ამბოხში მონაწილე "ვაგნერის" წევრების მიმართ პუტინი სისხლის სამართლებრივ დევნას წყვეტს, თუმცა, დაქირავებულმა მებრძოლებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეტევითი შეიარაღება და მძიმე ტექნიკა უნდა გადასცენ. კომპანიის საკუთრებაში მხოლოდ მსუბუქი ჯავშანმანქანები დარჩება. ამასთან, რუსეთის დუმის გადაწყვეტილებით, აიკრძალება მსჯავრდებულების აყვანა კერძო სამხედრო კომპანიაში. ამის უფლება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ექნება. "ვაგნერის წევრებს" კი პუტინი რუსულ არმიაში გადასვლას, სახლში დაბრუნებას ან ბელარუსში გადაბარგებას სთავაზობს.

მედიაში გავრცელებული უკანასკნელი ცნობების თანახმად სწორედ ბელარუსს აფარებს თავს "ვაგნერის" მეთაური. ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი დღეს დილით მინსკის სიახლოვეს, მაჩულიშის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა. რუსეთიდან გაქცეულ პუტინის ყოფილ მზარეულთან დაკავშირებით დღეს ორჯერ ისაუბრა ალექსანდრე ლუკაშენკომ. პირველ განცხადებაში თქვა რომ შენაერთები საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავდა ,მეორე გამოსვლა კი "ვაგნერელებისგან "გამოცდილების მიღებას დაუთმო.

ამბოხს და რუსეთში მიმდინარე პროცესებს დღეს ამერიკის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ბაიდენის განცხადებით, არც ვაშინგტონს და არც NATO-ს ამ მოვლენებთან კავშირი არ ჰქონია.

მოვლენები უკვე შეაფასა ევგენი პრიგოჟინმაც. ამბოხიდან თითქმის 48 საათის შემდეგ "ვაგნერის" ლიდერმა 11 წუთიანი აუდიო მიმართვა გაავრცელა. დაჯგუფების მეთაურმა უკან წაიღო მანამდე, სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება რუსეთის პრეზიდენტის შეცვლასთან დაკავშირებით და თქვა, რომ მისი მიზანი, თავდაცვის სამინისტროში არსებულ კორუფციასთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვა იყო.

 

 

დღის ამბები