15 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება - რა შეხვედრებია დაგეგმილი

საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება - ოფიციალური ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალჩინოსნებს შეხვდება - მიზანი წლის ბოლოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და იმ 12 რეკომენდაციის შესრულების ხარისხია, რაც საქართველომ ბრიუსელისგან ერთგვარ დათქმად მიიღო.

"ჩვენ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვაწვდით იმ ბოლო ინფორმაციას, რომელიც გვაქვს წინა ასოცირების კომიტეტის შემდეგ, ჩვენი რეფორმების იმპლემენტაციის გზაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც იცით, შემოდგომაზე საქართველოზე იქნება შესაბამისი რეკომენდაცია კომისიის მხრიდან 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. ეს 12 რეკომენდაციაც, რომელიც ჩვენ დაგვევალა, რომ უნდა შევასრულოთ, არის ნაწილი იმ პროცესისა, რომელიც მოცულია, როგორც ასოცირების ხელშეკრულებით, ასევე, გაფართოების პაკეტის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ინსტიტუციები ე.წ. საზაფხულო არდადეგებზე გავლენ, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა დღეს," - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ.

ამასთან, საქართველოს ელჩის ბელგიაში და მუდმივი წარმომადგენლის ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ასევე დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. ამასთან, როგორც ელჩი ამბობს, მნიშვნელოვანია მხარეებმა დეტალურად გაიარონ ყველა პრიორიტეტი და ასევე, გაიცვალოს აზრები, თუ რა ნაბიჯები შესაძლოა გადაიდგას უახლოეს მომავალში.

 

დღის ამბები