საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ მათი პარტიის კარი, ნებისმიერი ადამიანებისთვის იქნება ღია, ვისაც იგივე მიზანი აქვს, რაც მათი პარტიის მოქმედ წევრებს. ეს განცხადება ოპოზიციაში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ახალ გაერთიანებაში გია ხუხაშვილის მოიაზრებოდა, თუმცა, პოლიტოლოგმა "კურიერთან" უარყო მსგავს გაერთიანებაში მონაწილეობა და თქვა, რომ ამის შესახებ არც არაფერი სმენია.
"არც ერთ პარტიაში არასოდეს ვყოფილვარ. რაც შეეხება ეკა ბესელიას განცხადებას, მე ამის შესახებ არაფერი მსმენია, უფრო მეტიც, მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ ჯგუფის შექმნას, რაღაც იმიტაცია შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე არ ველოდები ასეთ კოალიციაში შედარებით მსხვილ წარმონაქმნებს, ისეთს როგორიც მაგალითად გახარიაა. ვფიქრობ, რომ პირიქით, ფრონტის ხაზი უნდა გაიშალოს. ვინც ვერ გადალახავს ბარიერს, კარგად იყოს, მას არც აქვს მორალური უფლება რომ ხელისუფლებაში იყოს,"- აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნებისთვის ახალი პარტიის შექმნა იგეგმება, რომელშიც შესაძლოა გაერთიანდნენ ეკა ბესელია, გია ხუხაშვილი, გიორგი გახარია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედი ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დავით ჭიჭინაძე, თამარ ჩუგოშვილი და ზვიად ძიძიგური. პოლიტიკური გაერთიანების კიდევ ერთ სავარაუდო წევრად საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სახელდება, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა მომავალ წელს ეწურება. ქართული ოცნება საკითხს სერიოზულად ვერ განიხილავს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ერთად 1%-ს ვერ აიღებს.