ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები შესაძლო ახალ პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უპერსპექტივო და უხერხულია.
მისივე თქმით, ამის უკან დგანან ადამიანები, ვისაც არანაირი რეიტინგი არ გააჩნია:
"ნებისმიერი გაერთიანება სახელდებით - "მინდა მოვხვდე პარლამენტში", ცხადია, არის არამხოლოდ უპერსპექტივო, არამედ უხერხული. ეს არის შეურაცხმყოფელიც კი ჩვენი საზოგადოებისთვის და შესაბამისად, მსგავს გაერთიანებებზე საუბარი, ნამდვილად არ არის რელევანტური, მითუმეტეს რომ ამის უკან დგანან ადამიანები, ვისაც არანაირი რეიტინგი არ გააჩნია. რაც მეტს ისაუბრებენ ასეთ საკითხებზე, საზოგადოება უფრო კარგად დაინახავს, რომ ინტერესი, სინამდვილეში, არის არა რაიმე ღირებულებებით მოსვლა, არამედ პარლამენტში ყოფნა. საზოგადოება კი, მსგავს პოზიციას არავის პატიობს,"- აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის არჩევნებისთვის ახალი პარტიის შექმნა იგეგმება, რომელშიც შესაძლოა გაერთიანდნენ ეკა ბესელია, გია ხუხაშვილი, გიორგი გახარია, ზვიად კვაჭანტირაძე, გედი ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, დავით ჭიჭინაძე, თამარ ჩუგოშვილი და ზვიად ძიძიგური. პოლიტიკური გაერთიანების კიდევ ერთ სავარაუდო წევრად საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სახელდება, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა მომავალ წელს ეწურება. დასახელებული პირების ნაწილი ინფორმაციას ადასტრებს, ნაწილი კი უარყოფს, ნაწილს კომენტარის გაკეთება ჯერჯერობით არ სურს.